რუსეთის მოქალაქეა ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქის, პანკისის ხეობის მკვიდრის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბერლინში, იუწყება ბერლინის პროკურატურა Twitter-ში.
ბერლინის პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილია 49 წლის რუსეთის მოქალაქე, რომელიც დანაშაულის ჩადენის ადგილის მახლობლად დააკავეს. პროკურატურის მონაცემებით, აღმოჩენილია „მკვლელობის იარაღი და, სავარაუდოდ, ველოსიპედი, რომლითაც ეჭვმიტანილი მიმალვას ცდილობდა“.
„პროკურატურის მოთხოვნით მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების ორდერი გაიცა. ეჭვმიტანილი წინასწარ პატიმრობაშია“, - იუწყება პროკურატურა.
ეს ხანგოშვილზე მეორე თავდასხმა იყო. 2015 წლის 28 მაისს თბილისში ჩაცხრილეს ავტომობილი, რომელშიც ის იმყოფებოდა. ხანგოშვილი სერიოზულად დაიჭრა. მკურნალობის დასრულებისთანავე მან საქართველო დატოვა.
ზელიმხან ხანგოშვილი 2012 წელს საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე სოფელ ლაფანყურის სპეცოპერაციაში შუამავალი იყო. სწორედ ამ სპეცოპერაციას დაუკავშირეს ხანგოშვილის ახლობლებმა 2015 წელს მომხდარი თავდასხმა.