უკრაინამ 50 დღეის განმავლობაში რუსეთის ნავთობისა და სამხედრო-სამრეწველო სექტორის 40 ობიექტი დააზიანა სამიზნეებს შორის იყო არქტიკის თეთრ ზღვაზე მდებარე საწვავის ტერმინალი და ციმბირში, რუსეთის სიღრმეში განლაგებული სარაკეტო საწვავის მწარმოებელი ქარხანა.
უკრაინამ ასევე ბალტიის ზღვაში რუსეთის სამხედრო სატვირთო გემს ცეცხლი წაუკიდა, ლიბიის სანაპიროსთან რუსული სამხედრო ხომალდი ჩაძირა და ყირიმის ხიდის საყრდენი თაღი გაანადგურა.
გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, უკრაინა შორ მანძილზე მოქმედი დარტყმების კამპანიას სულ უფრო აჩქარებს. ამჟამად უკრაინული დარტყმების არეალი 2 400 კილომეტრზე მეტ მანძილზე ვრცელდება და სულ მცირე ხუთ ზღვას მოიცავს.
გამოცემის თანახმად, კიევის მთავარი მიზანია რუსეთის იმ ქსელების მოშლა, რომლებიც მოსკოვის სამხედრო მანქანას საწვავით, იარაღითა და ფინანსური რესურსებით ამარაგებს.
The New York Times-ის შეფასებით, ამგვარად უკრაინა რუსეთის უზარმაზარ გეოგრაფიულ სივრცესა და მთელ მსოფლიოში გაფანტულ სამხედრო და ეკონომიკურ აქტივებს უპირატესობიდან სერიოზულ ტვირთად აქცევს.
თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსეთს კვლავ აქვს აშკარა უპირატესობა შორ მანძილზე დარტყმების განხორციელების შესაძლებლობაში. მოსკოვს ბალისტიკური რაკეტებით უკრაინის ნებისმიერი წერტილის დაბომბვა შეუძლია. კიევს კი ამ ტიპის რაკეტებისგან თავის დაცვის შესაძლებლობა კვლავ შეზღუდული აქვს და დამატებითი ამერიკული გადამჭერი რაკეტების მიწოდება სჭირდება.
გამოცემის ცნობით, რუსეთი ცოცხალი ძალისა და შეიარაღების რაოდენობრივი უპირატესობის წყალობით იმედოვნებს, რომ უკრაინას გამოფიტავს და ომში უფრო დიდხანს გაძლებას შეძლებს.
მოსკოვი მიზანმიმართულად ცდილობს უკრაინის მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენებას და კიევის კაპიტულაციისკენ იძულებას. ამისთვის რუსეთი, ზამთრის მოახლოების ფონზე, ელექტროსადგურებს, გათბობის სისტემებსა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურას უტევს.