გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მთავრობამ შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ დიპლომატიური ან სხვა სახის სანქციები დააწესოს, თუ აღმოჩნდება იმის მტკიცებულება, რომ აგვისტოში ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობა დაკავშირებულია რუსეთის სახელმწიფოსთან. იუწყება გამოცემა Wall Street Journal-ი.
გამოცემის ინფორმაციით, ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოსკოვსა და ბერლინს მჭიდრო პარტნიორობას ენერგეტიკის სფეროში.
პროკურატურის ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც მკვლელობის საქმის გამოძიებას კარგად იცნობს, WSJ- ს განუცხადა, რომ გამომძიებლების თქმით, მათ დაადგინეს ეჭვმიტანილის ვინაობა, რომელიც რუსეთთან "შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული".
გამოცემის ცნობით, საქმე გადაეცემა ფედერალურ პროკურორს, ვინაიდან საქმე ეხება გერმანიის ეროვნულ უსაფრთხოებას.
აგვისტოში, ბერლინში მოკლეს ზელიმხან ხანგოშვილი, რომელსაც ველოსიპედით მიმავალმა ქილერმა ქუჩაში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
ბერლინის პროკურატურამ დააკავა დანაშაულში ეჭვმიტანილი 49 წლის რუსეთის მოქალაქე.
ეს ხანგოშვილზე მეორე თავდასხმა იყო. 2015 წლის 28 მაისს თბილისში ჩაცხრილეს ავტომობილი, რომელშიც ის იმყოფებოდა. ხანგოშვილი სერიოზულად დაიჭრა. მკურნალობის დასრულებისთანავე მან საქართველო დატოვა.
ზელიმხან ხანგოშვილი 2012 წელს საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე სოფელ ლაფანყურის სპეცოპერაციაში შუამავალი იყო. სწორედ ამ სპეცოპერაციას დაუკავშირეს ხანგოშვილის ახლობლებმა 2015 წელს მომხდარი თავდასხმა.