ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი სავარაუდოდ კაზბეკ შამაევია. ამის შესახებ BBC-ის რუსული ბიურო ვრცელ სტატიაში წერს.
ჟურნალისტები ზელიმხან ხანგოშვილის ძმას, ზურაბ ხანგოშვილს შეხვდნენ. მისი მტკიცებით, ჩეჩნეთის დიასპორის წარმომადგენლებმა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ფოტოს მიხედვით ამოიცნეს. ზურაბი ამჟამად, ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში იმყოფება.
"ეს ადამიანი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, შატოეში 1999-2000-იან წლებში ცხოვრობდა. ეროვნებით რუსია, მაგრამ გამართულად საუბრობს ჩეჩნურ ენაზე. ჩეჩნეთში ცხოვრებისას მას კაზბეკი ერქვა. ის ჩეჩნეთის რესპუბლიკის საველე დანაყოფებს დაუახლოვდა, შემდეგ კი რამდენიმე მათგანი ფედერალებს ჩააბარა. ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა", - აცხადებს ზურაბ ხანგოშვილი.
ევროპაში მცხოვრები კიდევ ერთი ჩეჩენის თქმით, ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის პასპორტი აქვს ნანახი. როგორც ის ამბობს, მისი სახელია კაზბეკ შამაევი. მას დედა რუსი ჰყავს და მამა ჩეჩენი.
ჩეჩენმა BBC-ის უთხრა, რომ შამაევი დაკავშირებული იყო ჩეჩნეთში მოქმედი რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან და "ამ კავშირებით გამჟღავნების შემდეგ გაქრა".
BBC-ი გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის მეუღლესაც შეხვდა. მისი თქმით, მან რამდენჯერმე მიმართა გერმანიის პოლიციას და გააფრთხილა, რომ მათ საფრთხე ემუქრებოდათ.
როგორც ხანგოშვილის ცოლმა ჟურნალისტებს უთხრა, ზელიმხანი 23 აგვისტოს იმ დროს მოკლეს, როდესაც ის პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა. მისი ცოლის თქმით, ზელიმხანი სახლიდან დაახლოებით, შუადღისით გავიდა. გზის მეორე მხარეს გადავიდა, გაიარა რამდენიმე ათეული მეტრი, რის შემდეგაც უკნიდან ველოსიპედით მიუახლოვდა ქილერი. მან ხანგოშვილს თავსა და მხარში რამდენჯერმე ესროლა და გაიქცა. გაქცევის დროს ველოსიპედი, Glock-ის მარკის პისტოლეტი და პარიკი მდინარეში გადააგდო და სადგომზე გაჩერებული მოპედით სცადა გაქცევა, თუმცა ის მოზარდებმა შენიშნეს და პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა სავარაუდო მკვლელი ცხელ კვალზე დააკავეს.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი დუმილის უფლებას იყენებს და ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს.