გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი სერგეი ნეჩაევი დაიბარა და საპროტესტო ნოტა გადასცა. იუწყება გამოცემა Spiegel-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
აგვისტოს ბოლოს ბერლინში საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. ბერლინის პროკურატურამ დანაშაულში ეჭვმიტანილი რუსეთის 49 წლის მოქალაქე დააკავა.
დღეს ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა უწყებამ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ორი რუსი დიპლომატი და ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვება უბრძანა.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის ელჩისთვის გადაცემულ ნოტაში გერმანიის ხელისუფლება რუსეთს მოუწოდებს მკვლელობის საქმეზე პროკურატურასთან ითანამშრომლოს.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ დიპლომატიური ან სხვა სახის სანქციების დაწესებას განიხილავდა, სწორედ აღნიშნულ მკვლელობასთან რუსეთის ხელისუფლების კავშირის გამო.
აგვისტოში, ბერლინში მოკლეს ზელიმხან ხანგოშვილი, რომელსაც ველოსიპედით მიმავალმა ქილერმა ქუჩაში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
ბერლინის პროკურატურამ დააკავა დანაშაულში ეჭვმიტანილი 49 წლის რუსეთის მოქალაქე.
ეს ხანგოშვილზე მეორე თავდასხმა იყო. 2015 წლის 28 მაისს თბილისში ჩაცხრილეს ავტომობილი, რომელშიც ის იმყოფებოდა. ხანგოშვილი სერიოზულად დაიჭრა. მკურნალობის დასრულებისთანავე მან საქართველო დატოვა.
ზელიმხან ხანგოშვილი 2012 წელს საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე სოფელ ლაფანყურის სპეცოპერაციაში შუამავალი იყო. სწორედ ამ სპეცოპერაციას დაუკავშირეს ხანგოშვილის ახლობლებმა 2015 წელს მომხდარი თავდასხმა.