საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ხუან გუაიდო ვენესუელის ლეგიტიმურ დროებით პრეზიდენტად აღიარა.
26 იანვარს გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ნიდერლანდებმა განაცხადეს, რომ ხუან გუაიდოს დროებით პრეზიდენტად აღიარებას აპირებდნენ, თუ რვა დღის განმავლობაში ქვეყანაში ახალი არჩევნები არ დაინიშნებოდა.
„რადგან ვენესუელაში მმართველობის საპრეზიდენტო მოდელი პრეზიდენტის არჩევნების დახმარებით კრიზისიდან უნდა გამოვიდეს, მიგვაჩნია, რომ ხუან გუაიდო ფლობს ლეგიტიმურობას, რათა დანიშნოს არჩევნები“, - განაცხადა ლე დრიანმა რადიო France Inter-ის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ გაეროს ინფორმაციით, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და 850-მდე პირი დაპატიმრებულია ვენესუელაში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას.
23 იანვარს კარაკასში ვენესუელის ამჟამინდელი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. იმავე დღეს, ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.
შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, საქართველომ და სხვა ქვეყნებმა აღიარეს ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად და მოუწოდეს ნიკოლას მადუროს, ხელი არ აღემართა ვენესუელაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ. თავის მხრივ ნიკოლას მადურომ უზენაეს სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გამოაცხადა თავისი ლეგიტიმურობა და გუაიდოს "აშშ-ის მარიონეტი" უწოდა.
ამასთან, გასულ კვირას, 01 თებერვალს, ევროპარლამენტმა ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა.
ნიკოლას მადუროს პრეზიდენტობის ლეგიტიმურობას აღიარებენ რუსეთი, ბოლივია, თურქეთი, სირია, მექსიკა, კუბა და ბელარუსი.