გაეროს ინფორმაციით, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და 850-მდე პირი დაპატიმრებულია ვენესუელაში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას.
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წარმომადგენელმა რუპერტ კოლვილმა განაცხადა, რომ 26 პირი მოკლულია სამთავრობო ძალების მიერ, 5 ადამიანი კი საკუთარ სახლებში საპოლიციო რეიდის დროს მოკლეს.
21-დან 26 იანვრის ჩათვლით, დაკავებულია 850 პირი, რომელთა შორის 77 არასრულწლოვანია.
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, 23 იანვარს კარაკასში ვენესუელის ამჟამინდელი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. იმავე დღეს, ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.
შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, საქართველომ და სხვა ქვეყნებმა აღიარეს ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად და მოუწოდეს ნიკოლას მადუროს, ხელი არ აღემართა ვენესუელაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ. თავის მხრივ ნიკოლას მადურომ უზენაეს სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გამოაცხადა თავისი ლეგიტიმურობა და გუაიდოს "აშშ-ის მარიონეტი" უწოდა.
ხუან გუაიდოს მხარდაჭერას უცხადებენ ასევე ევროკავშირში. ამასთან საფრანგეთმა ხუან გაიდოს დროებით პრეზიდენტად აღიარების პირობა დაასახელა.
ნიკოლას მადუროს პრეზიდენტობის ლეგიტიმურობას აღიარებენ რუსეთი, თურქეთი, სირია, მექსიკა, კუბა და ბელარუსი.