პარიზი მზად არის აღიაროს ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად იმ შემთხვევაში, თუ მომავალი რვა დღის განმავლობაში ქვეყანაში არ ჩატარდება რიგგარეშე საპრეზინდეტო არჩევნები.
"ვენესუელელმა ხალხმა უნდა შეძლოს თავისუფლად გადაწყვიტოს თავისი მომავალი. თუ ხელახალი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება შემდეგი 8 დღის განმავლობაში, ჩვენ ვაღიარებთ ხუან გუაიდოს, როგორც ვენესუელის დროებით პრეზიდენტს, რომელმაც უნდა განახორციელოს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა მიკრობგლოგ „ტვიტერზე“.
მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პარიზი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ევროკავშირის ლიდერებთან.
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, კარაკასში ვენესუელის ამჟამინდელი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. იმავე დღეს, ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.
შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, საქართველომ და სხვა ქვეყნებმა აღიარეს ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად და მოუწოდეს ნიკოლას მადუროს, ხელი არ აღემართა ვენესუელაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ. თავის მხრივ ნიკოლას მადურომ უზენაეს სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გამოაცხადა თავისი ლეგიტიმურობა და გუაიდოს "აშშ-ის მარიონეტი" უწოდა.
ხუან გუაიდოს მხარდაჭერას უცხადებენ ასევე ევროკავშირში.
ნიკოლას მადუროს პრეზიდენტობის ლეგიტიმურობას აღიარებენ რუსეთი, თურქეთი, სირია, მექსიკა, კუბა და ბელარუსი.