თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ვენესუელის პრეზიდენტს ნოკოლას მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ თურქეთის ლიდერის პრეს-მდივანმა იბრაჰიმ კალინმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.
„ჩვენმა პრეზიდენტმა დაურეკა ვენესუელის ლიდერს - მადუროს, გამოხატა მისი მხარდაჭერა თურქეთის მხრიდან და უთხრა: „ძმაო, მადურო, გამაგრდი, ჩვენ შენთან ვართ!“ თურქეთი თავისი ლიდერის ხელმძღვანელობით დაიცავს თავის პრინციპულ პოზიციას გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ“, - წერს კალინი.
ვენესუელის პარლამენტის სპიკერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. აშშ-მა გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა და მადუროს, რომელსაც ის ვენესუელის კანონიერ მეთაურად არ მიიჩნევს, მოსთხოვა არ დაუშვას ოპოზიციის წინააღმდეგ ქმედებები. მადურომ თავი კონსტიტუციურ პრეზიდენტად გამოაცხადა, გუაიდოს კი აშშ-ის მარიონეტი უწოდა.
ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ასევე აღიარეს საქართველომ, ბრაზილიამ, კოსტა-რიკამ, პარაგვაიმ, გვატემალამ და პერუმ. ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირიც.