ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ფედერიკა მოგერინი ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.
მოგერინის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს ვენესუელის ეროვნულ ასამბლეას, რომელსაც ოპოზიციის ლიდერი უდგას სათავეში.
„ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს, ვენესუელაში მყისიერი დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების დაწყებას, რაც გამოიხატება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასა და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაში.
ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ვენესუელის ეროვნულ ასამბლეას, როგორც დემოკრატიულად არჩეულ ინსტიტუტს და ითხოვს მისი უფლებამოსილების სრულად აღდგენასა და პატივისცემას. ასამბლეის ყოველი წევრის, მათ შორის მისი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს სამოქალაქო უფლებები და უსაფრთხოება სრულად უნდა იყოს დაცული.
ევროკავშირისთვის მიუღებელია ვენესუელის სამართალდამცავების მხრიდან ძალიან გადამეტება დემონსტრანტების მიმართ, ვინაიდან ვენესუელელ ხალხს აქვს უფლება მშვიდობიან დემონსტრაციების გზით გამოხატოს პროტესტი, აირჩიოს ლიდერები და თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.
ევროპული გაერთიანება და მისი წევრი სახელმწიფოები მხარს უჭერენ ვენესუელაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის აღდგენას, ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისა“, - ნათქვამი განცხადებაში, რომელიც ფედერიკა მოგერინის სახელით გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ კარაკასში მიმდინარე აქციაზე თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარეს საქართველომ, აშშ-მა, ბრაზილიამ, კოსტა-რიკამ, პარაგვაიმ, გვატემალამ და პერუმ.