ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის საქართველოს მოქალაქე, გურამ ჭიჭინაძეს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა,. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია გენერალური პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სასამართლომ ჭიჭინაძეს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით“, - ნათქვამია რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
გამოძიების ვერსიით, 43 წლის გურამ ჭიჭინაძემ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი 2022 წლის ოქტომბერში, ოდესის ოლქში უკრაინის 28-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის დისლოკაციის ადგილზე გააფორმა, ხოლო წვრთნები მიკოლაივის ოლქში გაიარა.
პროკურატურის მტკიცებით, ჭიჭინაძემ 2022 წლის ნოემბერში სამხედრო მოქმედებების ზონა დატოვა და კიევში ჩავიდა, სადაც 400 ათასი რუბლის ოდენობის ანაზღაურება მიიღო. ჭიჭინაძე 2024 წლის თებერვალში სამხედრო მოქმედებების ზონაში დაბრუნდა, ხოლო თებერვლის ბოლოს რუსმა ჯარისკაცებმა ტყვედ აიყვანეს.