ვენესულის არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიჩნეული ნიკოლას მადურო სასტიკ უარს აცხადებს ქვეყანაში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მიუხედავად, მრავალდღიანი მასშტაბური საპროტესტო აქციებისა, მადურო კვლავაც არ აპირებს საპრეზიდენტო სავარძლის დათმობაც, რომელიც დიდი ალბათობით, დაუმსახურებლად და არჩევნების გაყალბების ფონზე მოიპოვა.
რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთან ინტერვიუში, მადურომ განაცხადა, რომ თუ აშშ-ს სურს ვენესუელაში ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, მაშინ მას 2025 წლამდე ლოდინი მოუწევს და დასძინა, რომ იგი მიესალმება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, როგორც „პოლიტიკური დისკუსიის ბრწყინვალე შესაძლებლობას“.
აღსანიშნავია, რომ ვენესუელის პარლამენტს ოპოზიციური უმრავლესობა აკონტროლებს და არ უნდა იყოს გასაკვირი თუ რატომაც მიესალმება მადურო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
ინტერვიუსას მადურომ ასევე განაცხადა, რომ ის მზადაა მოლაპარაკებების მაგიდასთან მოიწვიოს ოპოზიციის წარმომადგენლები.
„მზად ვარ დავჯდე მოლაპარაკებების მაგიდასთან ოპოზიციის ლიდერებთან ერთად, რათა ერთად ვიმსჯელოთ თუ რა იქნება ვენესუელისთვის უკეთესი“, - ამბობს მადურო. მისი თქმით, მისთვის მიუღებელია ულტიმატუმებისა და შანტაჟის ენით საუბარი და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მის რეჟიმს ვენესუელელი სამხედროები უჭერენ მხარს.
შეგახსენებთ, რომ გაეროს ინფორმაციით, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და 850-მდე პირი დაპატიმრებულია ვენესუელაში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას.
23 იანვარს კარაკასში ვენესუელის ამჟამინდელი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. იმავე დღეს, ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.
შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, საქართველომ და სხვა ქვეყნებმა აღიარეს ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად და მოუწოდეს ნიკოლას მადუროს, ხელი არ აღემართა ვენესუელაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ. თავის მხრივ ნიკოლას მადურომ უზენაეს სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გამოაცხადა თავისი ლეგიტიმურობა და გუაიდოს "აშშ-ის მარიონეტი" უწოდა.
ხუან გუაიდოს მხარდაჭერას უცხადებენ ასევე ევროკავშირში. ამასთან საფრანგეთმა ხუან გაიდოს დროებით პრეზიდენტად აღიარების პირობა დაასახელა.
ნიკოლას მადუროს პრეზიდენტობის ლეგიტიმურობას აღიარებენ რუსეთი, ბოლივია, თურქეთი, სირია, მექსიკა, კუბა და ბელარუსი.