რამდენიმე დღიანი გაუფასურების შემდეგ ლარის კურსმა გამყარება დაიწყო. სებ-ის ინფორმაციით, დღეიდან ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 0.0041 პუნქტით გამყარდა და 6 დეკემბრისთვის დოლართან მიმართებაში ლარის კურსმა 1.7009 ლარი შეადგინა. იმავდროულად ერთ დღეში ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 0.0044 პუნქტით გამყარდა და გაცვლითმა კურსმა 2.3127 ლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მთავარი ბანკირი და ფინანსისტი ლარის კურსის ვარდნას სეზონურობით ხსნიდნენ.
როგორც სებ-ის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რამდენიმე დღის უკან განმარტა, ლარს ყოველთვის ახასიათებდა მცირედი რყევები, თუმცა გიორგი ქადაგიძის განმარტებით, გრძელვადიან პერსპექტივაში რაიმე საგანგაშო მოსალოდნელი არ არის.
„ლარის კურსთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს არის ჩვეულებრივი მოკლევადიანი რყევები, რომელიც ყოველთვის ახასიათებდა ლარის კურსს. ყოველთვის იქნება ლარის მერყეობა ორივე მიმართულებით, როგორც გამყარების ასევე გაუფასურების მიმართულებით. ამ ეტაპზე ეს დაკავშირებულია მოკლე სეზონურ ფაქტორებთან. რაც შეეხება გრძელვადიან და მოკლევადიან ფინანსურ სტაბილურობას, მოგეხსენებათ, რომ ფინანსური სტაბილურობის გარანტორი არის სებ-ი. ჩვენ გაგვაჩნია, ფინანსურიც, ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსიც ამისათვის. ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია ჩვენ წარსულში და სწორედ ამიტომ არის საბანკო სექტორისადმი ნდობა მაღალი"- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ
ლარის კურსის დაცემას სებ-ის პრეზიდენტის მსგავსად, სეზონურ ფაქტორებს უკავშირებდა ქვეყნის ფინანსთა მინისტრიც.
„ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. სებ-ს აქვს შესაბამისი რეზერევები იმისათვის, რომ არ დაუშვას მნიშვნელოვანი გაუფასურება. რაც შეეხება მარტივ რყევებს, ეს მუდმივი პროცესია ხან მაღლა იწევს, ხანაც დაბლა"- განაცხადა ხადურმა