რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანაია თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ნარმანიამ საკითხის კომენტირებისას განმარტა, თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა გაგრძელდება, თუმცა პროექტის დასრულების ვადა გადაიწევს.
,,შემოვლით რკინიგზის პროექტი შეჩერებული არ ყოფილა, უბრალოდ საქართველოს რკინიგზის დაკვეთით ავსტრიული კომპანია ტექნიკურ-ეკონომიკური ხასიათის კვლევას ატარებდა და მათი მხრიდან საკმაოდ საინტერესო დასკვნა იქნა წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე გუშინ პრემიერ-მინისტრთან არსებულ ეკონომიკურ საბჭოზე ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღეთ. შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა გაგრძელდა, გამომდინარე იქიდან რომ ის ვადებში ვერ ეტეოდა წინა ხელისუფლების პირობებში არსებული მშენებლობის ტემპიდან გამომდინარე, პროექტის ვადა გადაწეული იქნა", _განაცხადა ნარმანიამ.
მისივე განმარტებით, შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის ვადების გაგრძელების თაობაზე კონკრეტულ განცხადებას საქართველოს რკინიგზა გაავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის კონტრაქტორს ხელშეკრულება გაუგრძელდება - ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭოს მიიღო.
მიღწეულია მოლაპარაკება მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაგრძელების შემდგომ პირობებსა და ვადებზე.
"აღნიშნული პროექტის განხორციელება დაიწყო სპონტანურად, ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების გარეშე. ს/ს საქართველოს რკინიგზამ საკონსულტაციო კომპანიის MC Mobility მეშვეობით შეისწავლა პროექტის ამ ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები. დადგინდა, რომ უარესდება როგორც საოპერაციო ასევე მონაკვეთის მოვლა-შენახვის მაჩვენებლები, მცირდება გამტარუნარიანობა(სატრანზიტო სიმძლავრე). ამასთან, პროექტის ასეთი ფორმით განხორციელება იწვევს მაღალ ბიუჯეტიანი თანმდევი პროექტების განხორციელების აუცილებლობას, რაც გათვალისწინებული არ არის არსებული პროექტის ბიუჯეტში. კონტრაქტორის (ჩინეთის რკინიგზის 23 ე ბიურო) მიერ ვერ იქნა დაცული მშენებლობის შესრულების ვადები, შედეგად სამუშაოების დამთავრების თარიღისთვის (2013 წლის 8 ივნისი) კონტრაქტორს ჰქონდა 18-თვიანი ჩამორჩენა.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეკონომიკურმა საბჭომ მიიჩნია, რომ აუცილებლობას წარმოადგენს შემოვლითი რკინიგზის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება და მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების მინიმალიზაცია, რისთვისაც უნდა ჩატარდეს დამატებითი საპროექტო საინჟინრო კვლევები. უახლოეს მთავრობის სხდომა იმსჯელებს ხელშეკრულების ვადის 3 წლით გაგრძლების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრემიერ-მინისტრის აპარატმა გაავრცელა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც 4 დეკემბერს გამართულ საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, რკინიგზის მიდერნიზაციის პროექტს შეეხებოდა. საუბარია სს „საქართველოს რკინიგზის" მიერ განსახორციელებელ თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტზე, რომლის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი".