დღეს 21 ნოემბერს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ ეროვნული მუზეუმის თანამშრომელ დათო სულხანიშვილთან და ხელოვნებათმცოდნე პაატა ჯაშთან ერთად ძალისის ნაქალაქევის ისტორიული კომპლექსი მოინახულა.
რომაული აბანოები , იბერიელი სპასპეტის სასახლის ეზოში ღია საცურაო აუზი, უნიკალური გათბობის სისტემა, ეს ყველაფერი აქვე, თბილისიდან 20 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და მნახველებს პირველ-მეორე საუკუნეში ამოგზაურებს, განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი სიგუამ.
მისი თქმით სასწრაფოდ დამზადდება მანიშნებლები, ბროშურები და ინფორმაციული ბანერები ამ ადგილის ცნობადობის ასამაღლებლად.
ნებისმიერი უცხოელი ტურისტისთვის ეს ადგილი საინტერესო იქნება , გარდა ამისა ადგილობრივი მოსახლეობიდანაც არ მოაკლდება მნახველი.
შეგახსენებთ, რომ ნაქალაქარი მდებარეობს მცხეთის სოფელ ძალისის აღმოსავლეთით, მუხრანის ველზე, მდინარე ნარეკვავის ორივე ნაპირზე და თარიღდება ძვ. წ. II -ახ. წ. VIII საუკუნეებით.