ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში ოპერირების 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. „ევრობანკის" მცირე ბიზნესის მხარდაჭერის გუნდმა, რომელიც დაფინანსებულია ევროგაერთიანების მიერ, საქართველოში ბოლო ათი წლის მანძილზე სხვადასხვა სფეროში 750-ზე მეტი საკონსულტაციო პროექტი განახორციელა, მათ შორის სტრატეგიის, ოპერაციების, მარკეტინგის, ხარისხის მენეჯმენტის, ენერგო-ეფექტურობის მიმართულებით. ამ კომპანიების 81 %-ს პროექტის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში გაეზარდა ბრუნვა, ხოლო 75 %-ს კი თანამშრომლების რაოდენობა.
2003 წლიდან დღემდე ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურების პროგრამას საქართველოში მიღებული აქვს 5,36 მლნ ევრო დონორებისგან: ევროკავშირი, გარდამავალი ქვეყნების ფონდი, აქციონერთა სპეციალური ფონდი, კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და ტრაპეი ჩინეთი. საწარმოების მხრიდან თანამონაწილეობამ შეადგინა 3,1 მლნ ევრო.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინფორმაციით, მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა ზრდის პოტენციალის მქონე მცირე და საშუალო ზომის, სთავაზობს საკონსულტაციო პროგრამების თანადაფინანსებას და ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. პროგრამა ასევე ახორციელებს ადგილობრივი კონსულტანტების პროფესიულ გადამზადებას სხვადასხვა სფეროში სამუშაო შეხვედრების ორგანიზებისა და ტრენინგის გზით.
„უკვე ათი წელია, რაც EBRD და საქართველოს მცირე და საშუალო კომპანიები თანამშრომლობენ. ეს იყო ხანგრძლივი სამუშაო და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი გზა. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმით, რომ EBRD განწყობილია სათანადო შედეგების მისაღებად და ვიმედოვნებ, რომ როდესაც ჩვენ გვექნება ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულება ეს თანამშრომლობა კიდე უფრო გაუმჯობესდება"- განაცხადა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა.
EBRD-ის დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსიაში ბრუნო ბალვანერა განმარტავს, რომ EBRD-სა და საქართველოს მცირე და საშუალო ბიზინესის თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება. მისივე განმარტებით, EBRD -მ უკვე დაამტკიცა მომავალი 3 წლის სტრატეგია და პროგრამა.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი კახა კოხრეიძე მიიჩნევს, რომ EBRD-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს მცირე და საშუალო ბიზინესის განვითარებაში.
„EBRD-ს საქართველოში ძალიან ბევრი პროგრამა აქვს და მათ შორის, ერთ-ერთია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, რომელიც მეწარმეებს სთავაზობს დასავლური ცოდნისა და გამოცდილების შემოღებას ჩვენს ქვეყანაში. რაც ჩემი აზრით არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ამ კომპანიებისთვის. მთავარია, რომ მათ იაქტიურონ და გამოიყენონ ეს ყველაფერი საკუთარი გაზრდისთვის და იმედი მაქვს, რომ „ევრობანკი" სამომავლოდ უფრო კარგ პროგრამებს განახორციელებს"- განმარტავს კოხრეიძე.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში 1993 წლიდან დღემდე ხელმოწერილი აქვს 159 ტრანზაქცია, რომელთა მთლიანი ღირებულება 1,8 მილიარდი ევროა. განხორციელებული პროექტები სექტორების მიხედვით, შემდეგნაიარადაა გადანაწილებული: 46 %-ი საფინანსო სექტორი, 33 %-ი ენერგეტიკული სექტორი, 17 %-ი წარმოება, ვაჭრობა და სოფლის მეურნეობა, 4 %-ი კი ინფრასტრუქტურა.