მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, თურქეთმა საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაიწყო ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის „ჩილდირ/აქთაში"-ს მშენებლობა. საზეიმო ღონისძიებას თურქული მხარის მიწვევით დაესწრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის დელეგაცია ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით.
თურქეთის მხრიდან ახალი საბაჟო-გამშვები პუნტის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მონაწილეობდნენ: ჰაიათი იაზიჯი - თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი, რიფათ ჰისარჯი ქლიოღლუ-თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და საფონდო ბირჟების გაერთიანების (TOBB) პრეზიდენტი, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის უფროსი და პროვინცია არდაჰანის გუბერნატორი.
საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის ინტენსიფიკაცია, საბაჟო-გამშვები პუნქტების ეფექტური მართვა, ტურისტული და სატრანსპორტო ნაკადის ზრდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პრიორიტეტული მიმართულებებია.
მომავალში თურქეთის მხრიდან ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის ამოქმედება, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით საერთაშორისო მიმოსვლის განვითარებაში, რაც ხელს შეუწყობს რეგიონული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას.
თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარება, საბაჟო პროცედურების ეფექტურად მართვა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. განსაკუთრებით, #1 სავაჭრო პარტნიორთან, რომელთან ერთადაც საქართველო მუშაობს საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივად მართვის ეფექტურად გამოყენების მექანიზმების შემუშავებაზე.
აღსანიშნავია, რომ მომავალი წლის აგვისტოში, თურქეთის მხრიდან ახალი საავტომობილო გამშვები პუნქტის „ჩილდირ/აქთაშის" მშენებლობის პარალელურად, ქართული მხარე საქართველოს ტერიტორიაზე დაასრულებს საბაჟო-გამშვები პუნქტის „კარწახი" რეკონსტრუქციას, რითაც რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ახალი შესაძლებლობა შეიქმნება.