ქუთაისის ნომერ მეორე საპყრობილეში გარდაცვლილი 16 წლის პატიმრის ოჯახი სასჯელაღსრულების სამინისტროს არ ენდობა, ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებს და დამოუკიდებელ გამოძიებას იწყებს.
ოჯახის წევრების განცხადებით, არასრულწლოვან პატიმარს პრობლემები ჰქონდა ციხის ე.წ. მაყურებელთან და ციხეში შესვლამდეც და მერეც სიტყვიერადაც და განცხადებებით ააფრთილა ამის შესახებ ადმინისტრაცია. პატიმარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოითხოვდა.
„მოკლულია და მერეა ჩამოკიდებული. მეუბნებოდა მამა მე ქუთაისის ციხეში არ წავალო, ხომ იცი „სტიჩკა" მაქვს იქო. უთანხმოება მდგომარეობდა შემდეგში: ვიღაცას ქურდობა უნდოდა და იმ ვიღაცამ პირი რომ დაიბანა, პირსახოცი მოუქმევია ჩემი შვილისთვის. ის ამ დროს ზურგით იდგა და შემოტრიალდა, პირსახოცი თვალში მოხვდა. სიმწრისგან ჩემმა შვილს მას ხელი დაარტყა. იმას შემოუთვლია „ძველაია დაგბრიდავთო". ყელის ძვალი აქვს ჩამტვრეული ბავშვს. ამის გამოა ეს ყველაფერი", _ აცხადებს გარდაცვლილის მამა დავით ძველაია.
სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი ადასტურებს, რომ გარდაცვლილ პატიმარს განცხადება დაწერილი ჰქონდა და ის ცალკე საკანში გადაყვანას მოითხოვდა. სუბარი აცხადებს, რომ 16 წლის მოზარდი ცალკე საკანში იმყოფებოდა.