თბილისი.26.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 64-ე სესიის ზოგადი დებატების ფარგლებში გაიმართა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მე-10 სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა საქართველოს, როგორც სუამ-ის თავმჯდომარე ქვეყნის, საგარეო საქმეთა მინისტრი ბ-ნი გრიგოლ ვაშაძე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნა ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობის რიგი აქტუალური საკითხები: სუამ-ის მიერ ინიცირებული გაეროს გენერალური ასამბლეის დღის წესრიგის საკითხის - „გაჭიანურებული კონფლიქტები სუამ-ის არეალში და მათი გავლენა საერთაშორისო მშვიდობაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე" 64-ე სესიის დღის წესრიგში გადატანა და შესაბამისი რეზოლუციის პროექტზე კონსულტაციების გაგრძელება; თანამშრომლობა სუამ-ის პარტნიორ, აგრეთვე სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; დარგობრივი თანამშრომლობის განვითარება; საბიუჯეტო და სხვა ორგანიზაციული საკითხები; სუამ-ში თავმჯდომარეობის გადაცემის და მორიგი სამიტის ჩატარების საკითხი.
საბჭოზე მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები:
• - საქართველოსთვის სუამ-ში თავმჯდომარეობის 2009 წლის ბოლომდე გაგრძელების თაობაზე;
• - სუამ-ის 2010 ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე;
• - სასაზღვრო კონტროლის სფეროში სუამ-აშშ-ის ჩარჩო პროგრამის სუბ-პროექტის დამტკიცების თაობაზე;
• - საინფორმაციო ტექნოლოგიების საკითხებზე სუამ-ის სამუშაო ჯგუფის ქვეყანა-კოორდინატორად აზერბაიჯანის დამტკიცების თაობაზე.
შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერა შემაჯამებელ ოქმს.
ნიუ-იორკში აგრეთვე გაიმართა სუამ-ის მინისტრთა საბჭოს შეხვედრები პარტნიორ-ქვეყნებთან, კერძოდ სუამ-აშშ-ის და სუამ-ჩეხეთის შეხვედრები, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის (ჰელენა ბამბასოვა) და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის დონეზე (დენ რასელი). შეხვედრების დროს განხილულ იქნა საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობა და მისი განვითარების პერსპექტივები. სხდომების ბოლოს ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებებს.
მასალის გამოყენების პირობები