გოდერძი ჩოხელის დაბადების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოვიდა საბა მეტრეველის წიგნი „გოდერძი ჩოხელის ბედისწერა“, რომელიც მოგვითხრობს გოდერძი ჩოხელის შემოქმედების ძირითადი კონცეპტების შესახებ; წარმოაჩენს სამყაროს შემეცნების მწერლისეულ მძაფრ მგრძნობელობას, ძლიერი პიროვნების ყოვლისმომცველ, უძირო სევდასა და სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დაბადებულ მის ესთეტიკას.
„საბა მეტრეველის „გოდერძი ჩოხელის ბედისწერაში“ შესწავლილია ნაციონალურ-კულტურულ პარადიგმებზე დაფუძნებული გოდერძი ჩოხელის შემოქმედება, ადამიანური ყოფიერების პრობლემების მისეული გააზრება. მწერლის მხატვრულ ხედვაში, აზროვნების სტილში გამოვლენილია მითოსით ნასაზრდოები ხილულისა და უხილავის, ჩვეულებრივისა და ზღაპრულის, რეალურისა და ირეალურის ძირითადი კონცეპტები.
წიგნი ცოცხალი თანაგანცდით მოგვითხრობს იმ მთავარ ფასეულობათა შესახებ, რომელთაც სულიერი ენერგიის სრული გაღებით ემსახურებოდა გოდერძი ჩოხელი. ის განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის, მათთვის, ვისთვისაც ლიტერატურა სამყაროზე გამძაფრებული ემოციური ფიქრია“ - წერს წიგნის რედაქტორი თამაზ ვასაძე.