აშშ-ის კონგრესის წევრებმა თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთსა და პენტაგონს მოუწოდეს, გააგრძელონ Starshield-ის პროგრამის ფარგლებში მოქმედი კონტრაქტი და უკრაინას Starlink-ისა და Starshield-ის სატელიტურ საკომუნიკაციო სერვისებზე წვდომა აღუდგინონ.
ამის შესახებ ნათქვამია კონგრესმენების ორპარტიულ და ორპალატიან მიმართვაში.
ამერიკელი კანონმდებლები მოითხოვენ, უკრაინას კვლავ მიეწოდებოდეს მომსახურება სიჩქარის შეზღუდვის გარეშე, რათა ქვეყანამ მისთვის აუცილებელი ტექნიკური შესაძლებლობები შეინარჩუნოს.
„უკრაინის ძალები ამ სერვისებს იყენებენ მართვისა და კონტროლისთვის, სადაზვერვო ინფორმაციის გასაზიარებლად, ბრძოლის ველზე კომუნიკაციისთვის და უპილოტო სისტემების სამართავად. მომსახურების ხარისხის ნებისმიერი გაუარესება - იქნება ეს კავშირის სიჩქარის შემცირება, დაფარვის ზონის შეზღუდვა თუ წვდომის შეფერხება, ძირს უთხრის უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობებს და რუსეთის ძალებს ოპერატიულ უპირატესობას ანიჭებს. ეს კონფლიქტს ახანგრძლივებს და კიდევ უფრო მეტ მშვიდობიან მოქალაქეს უქმნის საფრთხეს“, - ნათქვამია მიმართვაში.
კანონმდებლები პენტაგონს ასევე მოუწოდებენ, შეინარჩუნოს ის სატელიტური დაფარვა, რომელიც უკრაინას კანონიერი სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად სჭირდება, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზეც.
ამასთან, მათი მოთხოვნით, კომერციული Starlink-იდან სახელმწიფო პროგრამა Starshield-ზე გადასვლა ისე უნდა განხორციელდეს, რომ მომსახურების მიწოდება არ შეფერხდეს.
„გადაწყვეტილებები მომსახურების ხელმისაწვდომობის, გეოგრაფიული დაფარვისა და კავშირის ხარისხის შესახებ მხოლოდ კერძო მომწოდებლის შეხედულებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, რადგან ისინი პირდაპირ გავლენას ახდენს უკრაინის თავდაცვისუნარიანობაზე“, - აცხადებენ კანონმდებლები.
გარდა ამისა, კონგრესმენებმა პენტაგონს მოუწოდეს, განიხილოს თავდაცვის წარმოების შესახებ კანონის შესაბამისი მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობა. ეს უფლებამოსილება ფედერალურ მთავრობას საშუალებას აძლევს, კომპანიებს სახელმწიფო შეკვეთების პრიორიტეტულად შესრულება მოსთხოვოს.
„შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელეს, რადგან რუსეთის გამარჯვება ჩვენს უსაფრთხოებასაც საფრთხეს შეუქმნიდა. ეს ინვესტიციები არ უნდა გაუფასურდეს საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შეფერხების გამო, რომელზეც უკრაინის ძალებია დამოკიდებული, მით უმეტეს, რომ ასეთი შეფერხებების თავიდან აცილება შესაძლებელია“, - ნათქვამია კანონმდებლების განცხადებაში.
შეგახსენებთ, პარასკევს საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინაში Starlink-ის სატელიტური კავშირის ტერმინალებისთვის დაწესებული სიჩქარის შეზღუდვა კვლავ მოქმედებს.