აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ რუსეთს დონბასის მიღება სურს, რომელიც უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 11%-ს შეადგენს. რუბიოს განცხადებას სოციალურ ქსელ X-ზე „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.
რუბიოს თქმით, რუსეთი ამ ეტაპზე დონბასის სამხედრო გზით დაკავებას ვერ ახერხებს, უკრაინა კი ამ ტერიტორიის ნებაყოფლობით დათმობას არ აპირებს.
„მინდა, შემდეგი გითხრათ: ხალხი კვლავ ამბობს, რომ ეს ომია უკრაინაში. მაგრამ ეს ომი დონბასისთვის მიმდინარეობს. საქმე ქვეყნის ერთ რეგიონს ეხება. არსებითად, საუბარია ტერიტორიაზე, რომელიც ქვეყნის დაახლოებით 11%-ს შეადგენს: რუსეთს მისი მიღება სურს, მაგრამ სამხედრო გზით დაკავებას ვერ ახერხებს, უკრაინას კი მისი დათმობა არ სურს“, - განაცხადა რუბიომ.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღიარა, რომ უკრაინას დონბასის დათმობაზე უარის თქმის საფუძვლიანი მიზეზები აქვს, რადგან ეს ქვეყნის სუვერენიტეტსა და გრძელვადიან უსაფრთხოებას უკავშირდება.
რუბიოს აზრით, ამჟამად მთავარი ამოცანაა ისეთი კომპრომისის მოძებნა, რომელზეც ორივე მხარე დათანხმდება და ომის დასრულებისთვის გარკვეულ დათმობებზე წავა.
„ეს ომი სამხედრო გზით არ დასრულდება. მისი დასრულება მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი. საკითხავია, შესაძლებელია თუ არა ისეთი შედეგის მიღწევა, რომლის შედეგადაც ორივე მხარე რაღაცას მიიღებს, რაც მისთვის სასარგებლო იქნება, მაგრამ ამავდროულად დათმობებზეც წავა და რაღაცას დათმობს“, - აცხადებს რუბიო.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთმა საკუთარ კონსტიტუციაში შეიტანა არა მხოლოდ დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქები, არამედ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკაც. ეს ტერიტორიები საერთაშორისოდ აღიარებულია უკრაინის ნაწილად.