აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფროსმა მრჩეველმა ბრაიან ლანზამ განაცხადა, რომ ახალი ადმინისტრაცია ყურადღებას გაამახვილებს უკრაინაში მშვიდობის მიღწევაზე და არა იმაზე, რომ ქვეყანამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნოს. იუწყება ВВС
ტრამპის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვს წარმოადგინოს „მშვიდობის რეალისტური ხედვის“ თავისი ვერსია.
„და თუ პრეზიდენტი ზელენსკი დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან და იტყვის, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ მშვიდობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვექნება ყირიმი, ის არასერიოზული იქნება ამ საკითხში...
როდესაც ზელენსკი ამბობს, რომ ჩვენ შევწყვეტთ ამ საომარ მოქმედებებს, რომ მშვიდობა მხოლოდ მაშინ დადგება, როცა ყირიმი დაგვიბრუნდება, ჩვენ გვაქვს ახალი ამბავი პრეზიდენტ ზელენსკისთვის: ყირიმი აღარ არის...
და თუ ეს თქვენი პრიორიტეტია - დაიბრუნოთ ყირიმი და აიძულოთ ამერიკელი ჯარისკაცები იბრძოლონ ყირიმის დასაბრუნებლად, მაშინ თქვენ მარტო ხართ“, - თქვა ლანზამ.
მას არ უხსენებია აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ თქვა, რომ ყირიმის დაბრუნება არარეალურია და „აშშ-ის მიზანი ეს არ არის“.
ლანზამ განაცხადა, რომ დიდ პატივს სცემს უკრაინელ ხალხს და ამბობს, რომ მათ ლომის გული აქვთ, მაგრამ, მისი თქმით, აშშ-ის პრიორიტეტია "მშვიდობა და მკვლელობების შეჩერება".
ტრამპის მრჩეველმა ასევე გააკრიტიკა მხარდაჭერა, რომელიც ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ და ევროპის ქვეყნებმა უკრაინას 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაუწიეს.
„რეალობა ადგილზე არის ის, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა და პრეზიდენტმა ბაიდენმა თავიდანვე არ მისცეს უკრაინას შესაძლებლობა და იარაღი ამ ომში გამარჯვებისთვის და მათ ვერ მოხსნეს შეზღუდვები უკრაინის გასამარჯვებლად“, - თქვა მან.