სოფლის მეურნეობის ყოფილი მაღალჩინსნის მამუკა ივანიაძის ყოფილი ადვოკატი სოსო ბარათაშილი არ გამორიცხავს, რომ ივანიაძეზე ზეწოლა მართლაც განხორციელებულიყო. ბარათაშვილი იხსენებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ის შეხვდა საქმის გამომძიებელსა და პროკურორს, რომლებმაც მას განუცხადეს, რომ დაკავებულმა მამუკა ივანიაძემ ადვოკატის, ანუ სოსო ბარათაშვილის აცილება მოითხოვა და ეს ყველაფერი უქმე დღეს - კვირას მოხდა. ადვოკატის განმარტებით, 2013 წლის 16 ივნისს, კვირა დღეს მას დამუკავშირდა გამომძიებელი კოპალიიანი, რომელიც იმავე დღეს ითხოვდა მამუკა ივანიაძის დაკითხვას. თუმც ადვოკატმა გამომძიებელს განუცხადა, რომ იყო კვირა და ეჭვმიტანილის დაკითხვა მომხდარიყო შემდეგ დღეებში.
„მე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოვცხადდი 17 ივნისს. შემთხვევით გავიგე, რომ იქ იმყოფებოდნენ გამომძიებელი და პროკურორი და შევხვდი მათ. მათ მითხრეს, რომ ივანიაძემ მოახდინა მისი აცილება, ანუ უნდობლობა გამოგვიცხადა და ითხოვდა სახაზინო ადვოკატის დანიშვნას"- აცხადებს ბარათაშვილი.
ადვოკატის განმარტებით, 16 ივნისს კვირა დღეს აღნიშნული განცხადება გადაგზავნილა გენერალურ პროკურატურაში, „თურმე კვირას გენერალური პროკურორი ელოდებოდა ივანიაძის განცხადებას, რათა ეს განცხადება შემდგომ გადაეგზავნა ანტიკორუფციულ სამსახურში და მას კი გამომძიებლებისთვის გადაეცათ, ხოლო გამომძიებლებს მოეტანათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მინდა განვაცხადო, რომ ეს არის ფიქცია. რა საკვირველია არავითარი განცხადება გენერალურ პროკურორს არ გადაგზავნია"- აცხადებს ბარათაშვილი, რომელიც განმარტავს, რომ ასეთი განცხადების მიღწევას გენერალურ პროკურორამდე სჭირდება რამდენიმე დღე.
„ეს არის უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ამ ადამიანზე განხორციელდა ზეწოლა. ის პირდაპირ უთითებს პროკურორ გიორგი დავითაშვილზე"- განმარტავს ადვოკატი.
აღსანიშნავია, რომ მამუკა ივანიაძის დაკითხვას პროკურატურა დღეს აპირებდა, თუმცა პროცესი გაურკვეველი ვადით გადადიდო. ამიერიდან ივანიაძე კი ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი დაიცავს. თავად მამუკა ივანიაძე კი მოითხოვს საქმის გამოძებას და ასევე იმ ვიდეო მასალის ამოღებას, სადაც აღბეჭდილია, თუ რა სისტემატიურობით გაყავდათ ის სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილის კაბინეტში და რა ხანგრძლივობით იმყოფებოდა იქ.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ივანიაძემ დღეს განაცხადა, რომ მას სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.
მამუკა ივანიაძე: დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მაიძულებდნენ „ დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მაიძულებდნენ", - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეში ბრალდებულმა მამუკა ივანიაძემ განაცხადა.
ივანიაძის თქმით, დაკავების შემდეგ მის მიმართ ხორციელდებოდა სერიოზული ზეწოლა, საბოლოოდ კი ჩვენება პროკურორ გიორგი დავითაშვილის კარნახით დაწერა.
ივანიაძემ განმარტა, რომ ის პირველ მაისს დააკავეს. ე.წ. მოდულის შენობაში შეყვანისას ოფიციალურად არ გაუფორმებიათ და როგორც უცხოელი ისე წარადგინეს, ოთხი საათის განმავლობაში მასზე ზეწოლა მიმდინარეობდა და ადვოკატის ნახვის საშუალება არ მისცეს.
"მოდულის შენობაში შესვლიდან დაიწყო ჯოჯოხეთი. 12-მდე პიროვნება პერიოდულად შემოდიოდა, ვისაც რა უნდოდა შეგინებით, შეურაცხყოფით გრძელდებოდა ზეწოლა ოთხი საათის განმავლობაში. პერიოდულად, ვიღაც პიროვნება, რბილი ფორმებით, თითქოს ჩემზე ზრუნავდა, მირჩევდა რაღაც მეთქვა. ისინი მპირდებოდნენ, რომ თუ მივცემდი ჩვენებას, გამათავისუფლდებდნენ, თუ არადა - დამაპატიმრებდნენ", - განაცხადა მამუკა ივანიაძემ.
ბრალდებულის თქმით, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე მისი კლასელია და ჩვენებას მიცემას მის წინააღმდეგ სთხოვდნენ, რაც სასჯელაღსრულების მე-8 საპყრობილეში გადაყვანის შემდეგაც გაგრძელდა.
ივანაძის განცხადებით, ჩვენება არც კი წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი და როდესაც სასამართლო პროცესი გაიმართება, აღნიშნულ ჩვენებას აუცილებლად შეცვლის.