ეგვიპტის 2013 წლის რევოლუციამ მსოფლიო მასშტაბით მძიმე დარტყმა მიაყენა პოლიტიკურ ისლამს და არ არის გამორიცხული, ეს მისი დაღმასვლის დასაწყისი იყოს, - აღნიშნულია iveria.biz -ში გამოქვეყნებულ სტატიაში „რა ხდება ეგვიპტეში", რომლის ავტორია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოს ვაშაკიძე.
„დღეს ეგვიპტეში ასეთი სიტუაციაა: სამხედროებმა დროებით პრეზიდენტად დანიშნეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ადლი მანსური. მურსის გარდა, დაპატიმრებულია „მუსლიმი ძმებისა" და მათ მიერ შექმნილი მმართველი „თავისუფლებისა და სამართლიანობის" პარტიის ხელმძღვანელობა და რამდენიმე ასეული აქტივისტი, ისევე როგორც ბევრი სხვა რადიკალური ისლამური მოძრაობის მოღვაწე, მიმდინარეობს დროებითი, ტექნოკრატიული მთავრობის ფორმირება და მზადება მომავალი არჩევნებისთვის", - წერს ავტორი.
ვაშაკიძე აღნიშნავს, რომ ეგვიპტის 2013 წლის რევოლუცია მნიშვნელოვანი დარტყმაა პოლიტიკური ისლამისთვის.
„შეიძლება ითქვას, რომ ეგვიპტის 2013 წლის რევოლუციამ მსოფლიო მასშტაბით მძიმე დარტყმა მიაყენა პოლიტიკურ ისლამს და არ არის გამორიცხული, ეს მისი დაღმასვლის დასაწყისი იყოს. ნიშანდობლივია, რომ 2013 წლის რევოლუციაზე მთლიანად ნეიტრალური და ზოგჯერ შენიღბულად პოზიტიური საერთაშორისო რეაქციის ფონზე ყველაზე უარყოფითი შეფასება ირანისა და თურქეთის მთავრობებმა გააკეთეს", - წერს ნიკოლოზ ვაშაკიძე.