ეგვიპტის ოპოზიციისა (რომელიც არცთუ უსამართლოდ თვლიდა, რომ „ისლამისტებმა მათ რევოლუციაში მოპოვებული გამარჯვება მოპარეს") და შეიარაღებული ძალების უხილავმა ალიანსმა თითქმის „მუსლიმი ძმების" ანაბარა დარჩენილ მურსის შანსები აღარ დაუტოვა. შეიძლება ითქვას, რომ როცა „თამაროდმა" ახალი, 2013 წლის რევოლუცია წამოიწყო, მას ჰქონდა გადამწყვეტ მომენტში სამხედროების იმედი და, არ არის გამორიცხული, ერთგვარი გარანტიაც, - აღნიშნულია iveria.biz -ში გამოქვეყნებულ სტატიაში „რა ხდება ეგვიპტეში", რომლის ავტორია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოს ვაშაკიძე.
ავტორი აღნიშნავს, რომ ქვეყნის სამხედრო ლიდერმა ალ სისიმ გადატრიალების დასასაბუთებლად მეტად ორიგინალური სიტყვებიც მოძებნა, რომლებსაც მისთვის „მომგებიანი მესიჯი უნდა მიეწოდებინა როგორც ეგვიპტელი ხალხისთვის, ისე გარე სამყაროსთვის, როცა მან თავის საგანგებო განცხადებაში თქვა, რომ სამხედროები სიცოცხლეს არ დაიშურებენ, რათა დაიცვან ქვეყანა „ტერორისტებისა და სულელებისგან".