,,ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ გარდაცვლილს ცხვირის ნესტოს მიდამოში დაზიანება, ტერფებზე კი მოლურჯო-მოიისფერო ლაქები აღენიშნება", _განაცხადა ჟურნალისტებთან საიას თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ მამუკა მიქაუტაძის საქმის კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, დასკვნა გვამის გარეგან დათვალიერებას ეფუძნება და იგი გარდაცვალების მიზეზს ვერ დაადგენს.
"ამ საქმეში ჩართული იყო დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელი ობიექტური მიდგომებით გამოირჩეოდა, ჩვენ გვსურდა სიმართლის გარკვევა. ეს დასკვნა გვამის გარეგან დათვალიერებას ეფუძნება და მასში წერია, რომ ცხვირის ნესტოს მიდამოში აღენიშნება დაზიანება, ტერფებზე კი მოლურჯო-მოიისფერო ლაქები. ეს სისხლნაჟღენთია თუ გვამური ლაქა, ამის მხოლოდ გარეგანი დათვალიერებით თქმა შეუძლებელია. გარდაცვალების მიზეზს ეს დასკვნა ვერ დაადგენს. ასევე დასკვნაში დადასტურებულად წერია, რომ დაზიანებები ცხვირის ნესტოს არეში ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. დაზიანების მიყენების დრო მიქაუტაძის დაკითხვაზე ყოფნის პერიოდს ემთხვევა, რაც ამყარებს იმ ეჭვს, რომ როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მასზე ფიზიკური ზეწოლა მოხდა", - განაცხადა კოჟორიძემ.
მისივე თქმით, გარდაიცვალა თუ არა მიქაუტაძე მიყენებული დაზიანებებით, ამის დასადგენად საჭიროა ასევე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნა.