საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამუშაო ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო სესიაში.
პირველი სასესიო დღის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარ ეკონომისტს და კვლევების დეპარტამენტის დირექტორს ოლივიე ბლანშარს (Olivier Jean Blanchard)
ფინანსთა მინისტრმა ოლივიე ბლანშარს სამახსოვროდ მისივე ავტორობით შექმნილი წიგნის „მაკროეკონომიკა" ქართული თარგმანი გადასცა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ჯგუფთან ერთად ნოდარ ხადურმა თავად თარგმნა და რომელიც უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ძირითადი სახელმძღვანელოა.
„მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა უმნიშვნელოვანესი კონფერენცია, რომელიც ეხებოდა მსოფლიო მაკროეკონომიკური პოლიტიკის ხელახალ გააზრებას და აღნიშნული მიმართულებით ახალი მიდგომების შემუშავებას. საქართველოსთვის, იმისთვის, რათა რაც შეიძლება მალე დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება, საერთაშორისო მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.