ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აფხაზეთთან ეკონომიკურ ინტეგრაციას მიესალმება. გიორგი კვირიკაშვილის აზრით, იმისათვის, რომ ბიზნესმენ თემურ ჭყონიას მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და მან აფხაზეთში "კოკა-კოლას" შეტანა და "მაკდონალდსის" გახსნა შეძლოს, ამისათვის საკითხის განხილვა"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის ჩარჩოებში მოხდება.
"ეს საკმაოდ რთული საკითხია და ის მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს ჩარჩოებში განსახილველი არ არის. ის დაკავშირებულია კანონმდებლობასთანაც.. მოგეხსენებათ კანონი "ოკუპაციური ტერიტორიების შესახებ" განხილვისა და გადასინჯვის პროცესშია და ამ ჩარჩოში მოხდება საკითხის განხილვაც. კონკრეტულად "კოკა-კოლაზე" არ მინდა ვთქვა, მაგრამ ჩემი აზრით ეკონომიკური ინტეგრაცია იმ რეგიონების, რომლებიც ჩვენ დღეს დეფაქტო არ გვეკუთვნის და ვერ ვაკონტროლებთ, აუცილებელია, რადგანაც ის ადამიანებს შორის ურთიერთობებს წაახალისებს და იქნება წინგადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ შემდგომში პოლიტიკურად მოხდეს ამ საკითხების დარეგულირება.
შეგახსენებთ, რომ "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" დამფუძნებელი თემურ ჭყონია, რომელიც იმავდროულად საქართველოში "მაკდონალდსის" ფრანჩაიზას მფლობელია, აფხაზეთში "კოკა-კოლას" შეტანას და "მაკდონალდსის" გახსნას ითხოვს. როგორც დღეს ბიზნესასოციაციის წევრების ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ, თემურ ჭყონიამ განაცხადა, მან მინისტრების წინაშე დააყენა საკითხი და აფხაზეთის ტერიტორიაზე "კოკა-კოლას" შეტანა მოითხოვა, რომელიც მისი თქმით მხოლოდ მის კომპანიას შეუძლია.
"არსებობს ეკონომიკური რუკა "კოკა-კოლისა" და "მაკდონალდსის". ამ რუკიდან და ბრენდებიდან გამომდინარე აფხაზეთის ტერიტორია გვეკუთვნის ჩვენ. შეხვედრაზე დავაყენე საკითხი, რომ როგორღაც დამყარდეს ეკონომიკური ურთიერთობები და იქ შესაძლებელი გახდეს "კოკა-კოლას" შეტანა"- აღნიშნა ბიზნესმენმა.
მისი განმარტებით, მას ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა განუმარტეს, რომ ამ მიმართულებით კონსულტაციები რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან უნდა აწარმოოს და როგორც ბიზნესმენი აცხადებს კონსულტაციებს უკვე დღეიდან დაიწყებს.
თემურ ჭყონიას განმარტებით, რუსებს ქონდათ იდეა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე "მაკდონალდსი" გაეხსნათ, თუმც "მაკდონალდსის" სათაო ოფისმა მათ ამის უფლება არ მისცა, რადგანაც აღნიშნულ ტერიტორიაზე "მაკდონალდსის" გახსნა და "კოკა-კოლას" შეტანა მხოლოდ მის კუთვნილ კომპანიებზეა დელეგირებული.
ბიზნესმენის განმარტებით, დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე "კოკა-კოლა" იყიდება, მაგრამ ის იქ არალეგალური გზით არის შეტანილი.