თბილისის მერია აგრძელებს "ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის პროექტს", რომლის განხორციელება 2006 წელს დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს ქალაქში სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებასა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას. "ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში, ახალი ბიზნესის დასაწყებად ან არსებულის გასავითარებლად, იაფი ფინანსური რესურსი თბილისში რეგისტრირებული ნებისმიერი იურიდიული პირისათვის ხელმისაწვდომია. დაფინანსების მიღების მსურველს, თბილისის მერიაში სპეციალური განაცხადი და პროექტი შემოაქვს, რომელიც განსახილველად პარტნიორ ბანკს ეგზავნება. დადებითი პასუხის შემთხვევაში, იაფი ფინანსური რესურსით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას, თბილისის მთავრობა იღებს. იაფი კრედიტი 5 წლიანია და მისი საპროცენტო განაკვეთი 6%-ით განისაზღვრება. თბილისის მერიის მიერ "ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში, 95 საწარმო უკვე დაფინანსდა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2011-2012 წლებში სს „ბაზისბანკმა" 225 000 ლარით ავლაბარში სასტუმრო „Big Bag"-ის მშენებლობა დააფინანსა. 5 სართულიანი, კეთილმოწყობილი სასტუმროს მშენებლობა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ახალ ობიექტში 10 ადამიანი დასაქმდა.
დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ ახლადაშენებული სასტუმრო დაათვალიერა და იქ დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა.