მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ - თავად თქვა, რომ არავისთვის არასდროს წერილი არ გაუგზავნია, დანარჩენი ყველაფერი არის აბსოლუტური სპეკულაცია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მისი ღვაწლი არის უდიდესი ჩვენი გუნდისთვის. რა თქმა უნდა, მისი წასვლა დანაკლისია. ამავდროულად, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს. მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად [შესაბამისად] ჩათვალა სხვადასხვა პირობიდან გამომდინარე, რომელიც თავად ახსნა.
მან არაერთხელ ახსენა, რომ არაერთი სპეკულაცია და ჭორი მოჰყვება ამ ყველაფერსო [ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები], მაგრამ ისაუბრა ძალიან გულწრფელად. ძალიან გულწრფელი იყო თავის საუბარში. ვინც კი ამ ადამიანს იცნობს, დარწმუნდებოდა მის გულწრფელობაში. თვითონ აქვს ნათქვამი, რომ არავისთვის არასდროს წერილი არ გაუგზავნია. დანარჩენი ყველაფერი არის აბსოლუტური სპეკულაცია,“ - განაცხადა გორდულაძემ.