აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის კუნძულ ქეშმზე, ჰორმუზის სრუტეში, სარაკეტო გამშვებ ობიექტზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ამის შესახებ სააგენტო Reuters აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, დარტყმა აშშ-ის სამხედრო ავიაციამ 17 ნოემბერს განახორციელა. სამიზნე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარაკეტო გამშვები ობიექტი იყო. მისივე თქმით, ოპერაცია ირანის მხრიდან აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებსა და ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ ჩატარდა.
ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, რომელიც ადგილობრივ ოფიციალურ პირს ეყრდნობა, ამერიკულ დარტყმებს საცხოვრებელი, კომერციული ან ინფრასტრუქტურული ობიექტები არ დაუზიანებია.
აშშ-ის იერიშს წინ უძღოდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადება, რომ ირანულმა დრონებმა ბაჰრეინში, შეიხ ისას სამხედრო ბაზაზე განთავსებული აშშ-ის სამხედრო რადარი დაბომბეს. ბაჰრეინის ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმა მოიგერიეს, მსხვერპლი და ზიანი არ ყოფილა.