აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს საკომუნიკაციო გასაიდუმლოებული ქსელი გაითიშა. ინფორმაციას CNN წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
NSA Net აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებისთვის განკუთვნილი შიდა ქსელია, რომელიც მათ უწყების ფარგლებში საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის საშუალებას აძლევს.
სააგენტო ამ დროისთვის ცდილობს გაარკვიოს, რა მასშტაბის პრობლემასთან აქვს საქმე. კიბერშეტევის დამადასტურებელი მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არსებობს.
აშშ-ის მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირების განცხადებით, ქსელის მუშაობაში წარმოქმნილი შეფერხება გავლენას არ მოახდენს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შესაძლებლობაზე, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაუდებელი სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდოს ჩინეთში მისი ვიზიტის დროს. CNN-ის შეფასებით, NSA ქვეყნის ყველაზე მძლავრი სადაზვერვო უწყებაა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც აშშ-ში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქსელის მუშაობაში შეფერხება დაფიქსირდა.
გასული კვირის ბოლოს შეერთებულ შტატებში ყველა ავიარეისი დროებით შეაჩერეს. ამასთან, ქვეყანაში კავშირგაბმულობისა და ინტერნეტის მუშაობაშიც შეფერხებები დაფიქსირდა.
მოგვიანებით აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრმა შონ დაფიმ განმარტა, რომ ავიარეისების შეჩერების მიზეზი დაგეგმილი ტექნიკური მომსახურების ფარგლებში აღჭურვილობის მოდერნიზაციის სამუშაოები იყო.