"ეს არის აურზაური სალხინეთში", - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა Facebook live-ში ისაუბრა, სადაც მოქალაქეების კითხვებს პასუხობს.
მისი თქმით, ის, რაც "ოცნების" ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს შორის ხდება "შიდა დაპირისპირების ბოლო ფურცელია".
"ეს არის აურზაური სალხინეთში.. ყველა ერთმანეთს რაღაცას აბრალებს, როგორც ჩანს, არავინ არაფერზე არ არის პასუხისმგებელი იმიტომ, რომ ყოფილი პრემიერი, როცა პრემიერი იყო, რა ხდებოდა იმაზე ჩატარდა გამოძიება? ან ახლა რაღაცას რომ ამბობს, ბოლომდე ამბობს, თუ ეს კიდევ ჩეულებრივი, რაც ქართულ პოლიტიკაში მოსულა, არის ის, რომ გამაჩერეთ, თორემ ყველაფერს ვიტყვი და მერე ბოლოს არასდროს არ ამბობენ ყველაფერს და ვრჩებით ამ რაღაც დაუმთავრებელ ისტორიაში, რომელიც მოითხოვს ახსნას, მოითხოვს განმარტებას და არაფერი არ ხდება.
ეს არის ის ბოლო ფურცელი ამათი შიდა უნდობლობის, შიდა დაპირისპირების, აღარ იციან რა სიტყვებით შეამკონ ერთმანეთი. ერთმანეთს ლანძღავენ, ერთმანეთს ყველაფერს აბრალებენ და თქვენ გინდათ, რომ მე ეს აგიხსნათ - არ არსებობს "იმიტომ, რომ". ეს არის ძალაუფლების დაშლის ერთ-ერთი მომენტი, რომელსაც არც წინაპირობა გააჩნია, არც ახსნა-განმარტება და რომელიც მიდის თავის დასასრულამდე. პარანოიული რეჟიმი გახდა. ყველა ყველას ემდურის, არავის ნდობა არ გააჩნია, იცის, რომ დღეს თუ ხვალ რაღაც შეიძლება შეემთხვეს. შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს, დააბრალონ კორუფცია, შეიძლება, თვითონაც დაიბრალოს კორუფცია. კორუფციის თემები ძირითად ხელისუფლებიდან მოდის და ნაკლებად ოპოზიციიდან. ასეთი რეჟიმი არის დასასრულის ბოლო ეპიზოდში," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.