2002 წლის 30 აგვისტოს მსოფლიოში პირველად განხორციელდა დარდანელის სრუტის გადაცურვა კოლხურ-იბერიული სტილით – „მხედრული კოლხურით“. ეს იყო არა მხოლოდ რთული სპორტული გამოწვევა, არამედ ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და სიმბოლური მიღწევა.
დარდანელის სრუტის გადაცურვა განსაკუთრებული იყო როგორც სირთულით, ისე მოცურავის ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამძლეობის მიმართ წაყენებული მოთხოვნებით. ღია წყალში ცურვა ყოველთვის დაკავშირებულია ბუნებრივ პირობებთან, დინებებთან და სხვა გარემო ფაქტორებთან, ხოლო ამ შემთხვევაში სირთულეს მნიშვნელოვნად ზრდიდა თავად ცურვის არაორდინარული სტილი.
დარდანელი მხოლოდ გეოგრაფიული წყალგამყოფი არ არის. იგი ევროპისა და აზიის, შავი ზღვისა და ეგეოსის ზღვის დამაკავშირებელი ისტორიული სივრცეა და საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებული სამხედრო-სტრატეგიული და ცივილიზაციური მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ მისი გადაცურვა სპორტულ გამოწვევასთან ერთად მნიშვნელოვან სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებდა.
გადაცურვა დაიწყო იმავე ადგილიდან, საიდანაც 1810 წლის 3 მაისს ცნობილმა ინგლისელმა პოეტმა, ლორდ ჯორჯ გორდონ ბაირონმა, პირველად გადაცურა დარდანელის სრუტე – თავისუფალი სტილით.
12-კილომეტრიანი დისტანცია ჰენრი კუპრაშვილმა ოთხგან ხელფეხშეკრულმა 3 საათსა და 15 წუთში დაფარა. ამით განხორციელდა უნიკალური სპორტული მიღწევა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ ჰქონდა.
მოვლენამ საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრო და მისი გაშუქება მსოფლიოს წამყვან საინფორმაციო საშუალებებში, მათ შორის BBC-ის, CNN-ის, Reuters-ისა და სხვა მედიასაშუალებების მიერ, მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოხმაურებად იქცა.
ირაკლი მეძმარიაშვილი, საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე: „მაშინ საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ვიყავი, გადაცურვის ოქმებმაც ჩემს ხელში გაიარა და, რასაკვირველია, ეს ისტორიული მოვლენა კარგად მახსოვს. მაშინვე ვაცნობიერებდით, რომ ჰენრი კუპრაშვილის მიერ გაკეთებული ეს არ იყო მხოლოდ ერთი სპორტსმენის პირადი წარმატება. მან ურთულესი გამოწვევა განსაკუთრებული ნებისყოფით დაძლია და, რაც მთავარია, მსოფლიოს ქართული ცურვის ძველი, უნიკალური ტრადიცია გააცნო. 24 წლის შემდეგ კიდევ უფრო ნათლად ჩანს ამ მოვლენის მნიშვნელობა – ჰენრის იმ ნაბიჯმა ბევრ ახალგაზრდას მისცა შესაძლებლობა, ქართული ცურვის სახეობებით დაინტერესებულიყო. ვფიქრობ, ეს არის მიღწევა, რომლითაც ქართულ სპორტს დღესაც შეუძლია იამაყოს.“
ამ ისტორიული მიღწევისთვის ჰენრი კუპრაშვილი დაჯილდოვდა ჯორჯ ბაირონის ოქროს მედლით (დიდი ბრიტანეთი).
„მხედრული კოლხური“ – ქართული ცურვის ისტორიული ტრადიცია
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს თავად ცურვის სტილი – „მხედრული კოლხური“, რომელიც დაკავშირებულია ქართული ცურვის ისტორიულ ტრადიციებთან და იმ პრაქტიკასთან, რომლის მიხედვითაც ცურვა მხოლოდ სპორტული უნარი არ იყო. იგი შეიძლებოდა ყოფილიყო გადარჩენის, სამხედრო მომზადებისა და განსაკუთრებულ პირობებში გადაადგილების საშუალებაც.
გადმოცემის მიხედვით, ცურვის ამ სამხედრო-საწვრთნელ სტილს ძველი მეგრელები იყენებდნენ ტყვეობიდან თავის დასაღწევად, განსაკუთრებით XVII საუკუნის საქართველოში, „ტყვეთა სყიდვის“ მძიმე და შავბნელი პერიოდის დროს.
დატყვევებულ ადამიანს, რომელსაც წყალში მოხვედრის შესაძლებლობა მიეცემოდა – მაგალითად, გემიდან წყალში გადახტომის შემთხვევაში –ხელფეხშეკრულსაც შეეძლო ცურვა და გადარჩენის შანსი უჩნდებოდა.
სწორედ აქ იძენს განსაკუთრებულ დატვირთვას დარდანელის გადაცურვის სიმბოლური სახელწოდება – „ხელფეხშეკრული საქართველო მაინც მიცურავს“. ეს მხოლოდ სპორტული მიღწევის აღმნიშვნელი ფრაზა არ არის. მასში ჩადებულია ისტორიული მეხსიერება და ქართველი ადამიანის გადარჩენის, წინააღმდეგობისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის იდეა.

დარდანელიდან ქართული ცურვის სკოლის განვითარებამდე
2002 წლის დარდანელის გადაცურვამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ქართული ცურვის სკოლის განვითარებას და გზა გაუხსნა ახალგაზრდა მიმდევრებს.
2003 წელს, სპორტკომპლექს „ლაგუნა ვერეს“ ბაზაზე, ვლადიმერ გოიაშვილის ხელშეწყობით შეიქმნა ცურვის ქართული სახეობების შემსწავლელი ჯგუფები. დაიწყო ქართული ცურვის სახეობებში სპორტული შეჯიბრებების, მათ შორის საქართველოს ჩემპიონატების, ჩატარება.
2006 და 2007 წლებში „თბილისის ზღვის“ 4-კილომეტრიანი დისტანცია „მხედრული კოლხურით“ გადაცურეს „ლაგუნა ვერეს“ აღზრდილებმა – 11 წლის ირაკლი შენგელიამ, ანი სიჭინავამ, ნინო ბასილაიამ, ნასტია გრივაჩმა, თიკა ბაკურაძემ, თემო კობახიძემ და დათო ბარდაველიძემ.
2008 წელს 11 წლის ჯიმი ბროძელმაც „მხედრული კოლხურით“ გადაცურა „თბილისის ზღვა“. იგი იმავე წელს დარდანელის სრუტის გადაცურვასაც აპირებდა, თუმცა მისი გეგმა 2008 წლის აგვისტოს ომმა ჩაშალა.
2012 წლის 30 აგვისტოს, 17 წლის ანა ლომინაძემ დარდანელის სრუტე „მხედრული კოლხურით“ გადაცურა და გახდა პირველი ქალი მსოფლიოში, რომელმაც ეს სრუტე ოთხგან ხელფეხშეკრულმა გადაცურა.
ამრიგად, „მხედრული კოლხურის“ აღდგენა, განვითარება და თანამედროვე სპორტულ სივრცეში წარმოჩენა შეიძლება განვიხილოთ როგორც ქართული კულტურული მემკვიდრეობის სპორტის საშუალებით გაცოცხლებისა და ახალი თაობებისთვის გადაცემის ერთ-ერთი საინტერესო მაგალითი (სამწუხაროდ, სპორტკომპლექს „ლაგუნა ვერეს“ დახურვის შემდეგ ცურვის ქართული სახეობების აღორძინების პროცესი მთლიანად ჩაკვდა).
მრავალი წლის შემდეგ
დღეს, 2002 წლის 30 აგვისტოს დარდანელის გადაცურვიდან მრავალი წლის შემდეგ, ამ ისტორიული მოვლენის მნიშვნელობა სწორედ მის მრავალმხრივობაში უნდა დავინახოთ:
ფიზიკური გამძლეობა;
სპორტული გამბედაობა;
ისტორიული მეხსიერება;
ქართული ცურვის ტრადიციის აღდგენა;
ახალი თაობებისთვის ქართული ცურვის სკოლის შექმნა;
და ქართული სახელის საერთაშორისო სპორტულ სივრცეში წარმოჩენა.
დარდანელის გადაცურვა დარჩა ქართული სპორტის ისტორიაში როგორც მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთი სპორტული გამოწვევა გაცდეს სპორტის ფარგლებს და იქცეს ეროვნული კულტურის, ისტორიული მეხსიერებისა და ქართული სახელის საერთაშორისო წარმოჩენის საშუალებად.
დღესაც შეიძლება ითქვას:
ხელფეხშეკრული საქართველო მაინც მიცურავს.
გვანჯი მანია, მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირის – „გიორგი“ თავმჯდომარე, დარდანელის სრუტის გადაცურვის საორგანიზაციო კომისიის ხელმძღვანელი