აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის განახლებული სამხედრო კამპანია დიდხანს არ გაგრძელდება.
ტრამპის თქმით, ირანი ცდილობდა შეექმნა რაკეტა, რომელსაც ნაღმების ჩამოყრა შეეძლო, თუმცა აშშ-მა ის გაანადგურა. მისი განცხადებით, ირანი ასევე მუშაობდა რადარებისა და სარაკეტო სისტემების აღდგენაზე, რომლებიც ამერიკული დარტყმების სამიზნეები გახდნენ.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მისი შეფასებით, ირანთან ომი „დიდხანს არ გაგრძელდება“.
„ჩვენ გავანადგურეთ ყველა ახალი აღჭურვილობა, რომლის შექმნასაც ისინი ჰორმუზის სრუტის გასწვრივ ცდილობდნენ - როგორც თავდაცვითი, ისე თავდასხმითი... გუშინ ღამით ძალიან ძლიერი დარტყმა განვახორციელეთ და მზად ვართ, ნებისმიერ მომენტში კიდევ ერთი დარტყმა მივაყენოთ“, - განაცხადა მან.
1-ელ სექტემბერს ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი აშშ-ის ბოლო თავდასხმას უპასუხებდა, ის „გაცილებით უფრო ძლიერ და მასშტაბურ“ დარტყმას მიიღებდა.
იმავე დღეს აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ დარტყმები ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ობიექტებზე განახორციელეს.
მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ასევე განიხილავდა ჰორმუზის სრუტის რაიონში ირანზე შეზღუდული დარტყმების განხორციელებას, რათა გემებზე თავდასხმებისთვის ხელი შეეშალა.