„ფორბსის" ინფორმაციით, ერთ-ერთი საინვესტიციო ფონდი „ალფა-ჯგუფი" იანვრის ბოლომდე გააფორმებს ხელშეკრულებას, კომპანია IDS Borjomi-ის საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით. გარიგებაში ბლოკ „კორპორატიულ-საინვესტიციო ბანკის" ალფა-ბანკის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ტატარჩუკი მონაწილეობს. მან ხელმოწერამდე შეთანხმების დეტალებზე საუბარზე უარი განაცხადა. „ფორბსმა" ორ წყაროზე დაყრდნობით, რომლებმაც გარიგებაში მიიღეს მონაწილეობა, მყიდველის და გამყიდველის სახით, ზოგი დეტალი გაარკვია.
მთლიანად კომპანია შეფასებულ იქნა დაახლოებით 500 მილიონ დოლარად. IDS Borjomi Beverages-ის 87 პროცენტი 2008 წელს გარდაცვლილ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეს ეკუთვნოდა, ხოლო დარჩენილი 13 პროცენტი - მინორიტარებს საქართველოდან და უკრაინიდან.
კომპანიის ახალი სტრუქტურა ასე იქნება წარმოდგენილი: 6 პროცენტი - მინორიტარებს, ალფა-ბანკს დარჩება 55,8 პროცენტი, 37,2 პროცენტი კი - პატარკაციშვილების ოჯახს. ბიზნესმენის მემკვიდრეები გარიგების შედეგად მიიღებენ 240-250 მილიონ დოლარს.
თავის ფინანსურ მაჩვენებელს IDS Borjomi არ ახმაურებს. „ფორბსის" წყაროები 2012 წლისთვის ასეთ მონაცემებს ასახელებენ: კომპანიის შემოსავლები - 350 მილიონი, EBITDA - $95, ვალი - 80 მილიონი დოლარი. კომპანია ფლობს აქტივებს სამ ქვეყანაში. უკრაინაში მას ეკუთვნის მინერალური წყლის სამი ქარხანა: მორშინსკის, მორგოროდის და ტრუსკავეცკის, რუსეთში - ქარხნები ლიპეცკში და კოსტრომში, საქართველოში - გრძელვადიანი ლიცენზია ბორჯომის წყაროების ადგილმდებარეობაზე. კომპანია გასაყიდად ფონდმა „სელფორდმა" 2011 წლის შემოდგომაზე გამოიტანა. სხვადასხვა ეტაპზე მისით დაინტერესება გამოთქვეს „ნესტლემ", „კოკა-კოლამ", „სტანდარტ კაპიტალმა", რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა და სხვა.