ფილიპინების ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარეობს, სასამართლოში სარჩელი შეიტანოს. ამ განცხადებით ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალბერტ დელ როსარიო გამოვიდა. როსარიომ აღნიშნა, რომ ფილიპინების საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ამ თემასთან დაკავშირებით, უკვე გამოიძახა ჩინეთის ელჩი, რათა მას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთვის განკუთვნილი მიმართვა გააცნოს.
ფილიპინების მთავარი დიპლომატი აცხადებს, რომ ფილიპინების ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოლაპარაკებების ყველანაირი რესურსი ამოწურა. ახლა ისინი იმედოვნებენ, რომ საკითხს გაეროს საარბიტრაჟო სასამართლო გადაწყვეტს. ქვეყანას სასამართლოში გენერალური პროკურორი წარმოადგენს. მანილა პეკინის გასამართლებას არა მხოლოდ სადავო ტერიტორიებისთვის ითხოვს, არამედ, ასევე, მოითხოვს ჩინეთისგან, რომ შეწყვიტოს იქ უკანონო მოქმედებები, კერძოდ, ხელისუფლების აზრით, ირღვევა ფილიპინების უფლებები, რომელიც გაეროს 1982 წლის საზღვაო უფლების კონვეციითაა განსაზღვრული.
ფილიპინებს და ჩინეთს შორის ტერიტორილი დავა კუნძულ სკაპბოროს ეხება, ასევე, სპარტლის არქიპელაგს, რომელიც ნავთობით და გაზითაა მდიდარი. ამ ტერიტორიაზე სხვა რიგი ქვეყნები აცხადებენ პრეტენზიას, რომელთა შორისაა: ტაივანი, ბრუნეი, მალაიზია და ვიეტნამი.