უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგები შესაძლოა 17 თებერვლამდე გამოაცხადოს.
შეგახსენებთ, რომ სწორედ 17 თებერვალს იწურება ის 10-დღიანი ვადა, რაც ცესკოს ხმების საბოლოოდ დასათვლელად კანონით აქვს მინიჭებული.
როგორც უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე ვლადიმერ შაპოვალმა დღეს განაცხადა, ცესკომ საარჩევნო ბიულეტენების დათვლა უკვე საბოლოოდ დაასრულა, რის კონტექსტშიც, საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოსაცხადებლად მზად არის.
"ვფიქრობთ, არჩევნების შედეგების გამოცხადების ხელოვნურად გაჭიანურება არ შეიძლება", - განმარტა მან.
აღსანიშნავია, რომ ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების დასამტკიცებლად მუშაობა უკვე დაიწყო. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე ერთი საათია სპეციალური სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას იულია ტიმოშენკოს ბლოკის წარმომადგენლების გარდა, ცესკოს ყველა წევრი ესწრება.
ქვეყნის მოქმედი პრემიერისა და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის - იულია ტიმოშენკოს ბლოკის წევრები არჩევნების საბოლოო შედეგების 17 თებერვლამდე გამოქვეყნებას ეწინააღმდეგებიან.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ვიქტორ იანუკოვიჩს მხარი ამომრჩეველთა 48,5 %-მა დაუჭირა, იულია ტიმოშენკოს კი ნდობა უკრაინის მოსახლეობის 45,5 %-მა გამოუცხადა.