უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის თავდასხმებზე პასუხს აგრძელებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ლოგისტიკას სერიოზულ ზიანს აყენებს.
„რუსეთის მიერ ოკუპირებულ ჩვენს მიწაზე დამპყრობლები მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან. დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ლოგისტიკა და თავად ოკუპანტების ყოფნა უკიდურესად გართულებულია. ეს რუსეთისთვის სწორი სიგნალია.
ეს არის სიგნალი, რომ რუსეთს არ გამოუვა დაუსჯელად და მარტივად მიითვისოს უკრაინელი ხალხის მიწა ან ნებისმიერი სხვა ერის ტერიტორია, რომელსაც დღეს რუსეთის ამბიციები ემუქრება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა არ დაუშვებს, რომ რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიები ომის გაჭიანურებისა და ოკუპაციის განუსაზღვრელი ვადით შესანარჩუნებლად გამოიყენოს.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ყირიმთან დაკავშირებული უკრაინის ოპერაცია წინასწარ არის გათვლილი და მისი მიმდინარეობა აჩვენებს, რომ პარტნიორების მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში, უკრაინა სწრაფად შექმნის პირობებს, რომლებიც რუსეთს მშვიდობის არჩევას აიძულებს.
„ჩვენი ოპერაცია, განსაკუთრებით ყირიმის მიმართულებით, ზუსტად არის გათვლილი და მისი მიმდინარეობა ნათლად ადასტურებს: თუ უკრაინა მიიღებს იმას, რაზეც G7-ის ფარგლებში პარტნიორებთან ვისაუბრეთ - და ეს სწორედ პარტნიორების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, ჩვენ სწრაფად შევქმნით ისეთ პირობებს, რომლებშიც რუსეთი იძულებული გახდება მშვიდობა აირჩიოს.
ჩვენ ძალიან ველით პარტნიორების დადებით პასუხს. მათ ზუსტად იციან, რაზეა საუბარი. ამჟამად ჩვენი სამხედროები, როგორც უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე თავად რუსეთის ტერიტორიაზე, ანადგურებენ ყველაფერს, რაც რუსეთის ომს ემსახურება და შესაძლებელს ხდის ამ ომისა და რუსული აგრესიის გაგრძელებას“, -განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.