ცხინვალის რეგიონში ჩასულმა ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებმა ახალგორის რაიონი მოინახულეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. ფილიპ ლეფორს (ევროკავშირი), ანტი ტურუნენს (გაერო) და პადრიგ მერფის (ეუთო) ახალგორის მონახულებისას ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული ე.წ. პოსტკონფლიქტური დარეგილირების საკითხებში მურატ ჯიოევი ახლდა.
"თანათავმჯდომარეებმა რაიონის სოციალური ობიექტები მოინახულეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. ისინი ასევე შეხვედდნენ რაიონის ხელმძღვანელობას და თავად დარწმუნდნენ იმაში, რომ რაიონის ყველა მაცხოვრებლისათვის ცხოვრების ერთნაირი პირობებია შექმნილი", _ აცხადებს ჯიოევი.
მისივე თქმით, მან თანათავმჯდომარეებთან ერთად ახალგორის რაიონში ყოფნისას მათი ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ უკვე მეხუთე წელია ეს რაიონი საქართველოს მხრიდან გაზის ბლოკადის პირობებში იმყოფება.
"რაიონის მაცხოვრებლები უკვე მეხუთე წელია გაზის გარეშე არიან, რომლის მიწოდებაც საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებებით შეწყვიტა", _ განაცხადა ჯიოევმა.
დღეს ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები მოლაპარაკებებში მონაწილე ოსური ე.წ. დელეგაციის წევრებს შეხვდებიან და მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე განსახილველ საკითხებზე ისაუბრებენ.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი 22-ე რაუნდი 11-12 დეკემბერს გაიმართება.