თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული „ენერგეტიკული ზავი“ გულისხმობს იმას, რომ რუსეთი და უკრაინა მხოლოდ ერთმანეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს შეწყვეტენ. ვაშინგტონი სწორედ ამის შესრულებას მოელის უკრაინისგან. ამასთან, უკრაინაში მხოლოდ ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც სრული დატვირთვით არ მუშაობს.
ამის შესახებ Axios წერს.
„კვირას პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის „ენერგეტიკული ზავის“ შესახებ გამოაცხადა. ამაში ის გულისხმობდა პოტენციურ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც თითოეული მხარე მეორე მხარის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს შეწყვეტს. თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, ტრამპი მოელის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ამ შეთანხმებას დაიცავს", - განაცხადა მან.
წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თუ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები შეწყდება, შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ქსელებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გახდეს.
გამოცემის შეფასებით, თეთრი სახლის წარმომადგენლის მიერ აღწერილი მიდგომა - „ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანაცვლოდ“, მხარეებისთვის თანაბარპირობებიანი არ არის.
უკრაინელმა მაღალჩინოსანმა Axios-ს განუცხადა, რომ უკრაინაში მხოლოდ ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელსაც რუსეთი არაერთხელ დაესხა თავს და რომელიც სრული დატვირთვით არ მუშაობს. ამის საპირისპიროდ, რუსეთს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ფართო ქსელი აქვს.
„ჩვენ დიზელის საწვავი და გაზი შემოგვაქვს. ჩვენ გვჭირდება, რომ რუსებმა ჩვენი ელექტროქსელის წინააღმდეგ თავდასხმები შეწყვიტონ“, - განაცხადა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.
„რუსები ამ საკითხზე ფიქრობენ. მალე გავიგებთ, მზად არიან თუ არა ამისთვის“, - აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
გამოცემის ცნობით, თეთრი სახლის წარმომადგენლები აფრთხილებენ, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული თავდასხმები ზელენსკისა და ტრამპის ურთიერთობებს უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე თავად რუსეთს.
„ტრამპი მართლაც განრისხებულია. მას მიაჩნია, რომ ზელენსკი აშშ-ის დახმარებას ვალდებულებად მიიჩნევს“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინასთან დაკავშირებული კრიზისის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი გადადეს.
ვიზიტი, სულ მცირე, მანამდე არ გაიმართება, ვიდრე არ გაირკვევა, მზად არიან თუ არა უკრაინა და ევროპის ქვეყნები, დათანხმდნენ პუტინისთვის შეთავაზებულ ახალ, შეთანხმებულ წინადადებას.