უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კარგი ამბავია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს რეალობად იქცეს.
„უკრაინა მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების ყველა რეალურ და სანდო ფორმატს. უკრაინა მზადაა, რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები არ განახორციელოს. ველოდებით, რომ რუსეთიც ანალოგიური მზადყოფნით იმოქმედებს და ამ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტის შეთანხმებას შეასრულებს. ჩვენ მივესალმებით ასეთ შეთანხმებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად ენერგეტიკული ზავის შესახებ განცხადებისა, რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმებს. მისი განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში უკრაინის ცაში რუსული დრონები დაფრინავდნენ, განხორციელდა ავიაბომბებით დარტყმებიც და შეტევა მიიტანეს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე.
ზელენსკის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ დარტყმა განხორციელდა ხარკოვის თბოელექტროსადგურზეც.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა უკრაინაში ელექტროენერგიისობიექტებზე 200-ზე მეტი დარტყმა განახორციელა. კიდევ 17 დარტყმა გაზისა და ნავთობის ობიექტებზე განხორციელდა.
ზელენსკის თქმით, ამავე კვირაში რუსეთის თავდასხმებს 150-ზე მეტი უკრაინელი ემსხვერპლა, 700-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.
„უკრაინას დეესკალაციის არაერთი ნაბიჯი აქვს შეთავაზებული. პუტინი ყველაფერს ერთი პასუხით პასუხობდა - ეს იყო მისი „არა“. ძალიან ვიმედოვნებთ, რომ ბოლოს და ბოლოს, ის ამერიკას, უკრაინასა და მთელ მსოფლიოს სხვა რამეს ეტყვის., რაც მკვლელობასა და სიცრუეს არ უკავშირდება. ისეთ რამეს, რაც რეალურ და ღირსეულ მშვიდობამდე მიგვიყვანს. უკრაინას მშვიდობა სურს. საკითხავია, სურს თუ არა ის რუსეთს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა „ყველა შესაბამისი ბრძანება მიიღეს“.
„ვიცავთ უკრაინას. ვიბრძვით უკრაინის მხარდაჭერისთვის. მხარს ვუჭერთ პარტნიორების ყველა ნაბიჯს, რომელსაც ჩვენი დახმარება შეუძლია. ველოდებით ამერიკასა და რუსეთს შორის დიალოგის მკაფიო დეტალებს და იმას, რომ პუტინი შეასრულებს იმას, რაზეც პრეზიდენტმა ტრამპმა ისაუბრა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.