გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და გერმანიის ხელისუფლება უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერას აგრძელებენ.
Reuters-ის ცნობით, ვადეფულმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია კვლავ მხარს უჭერს უკრაინასა და მის მთავრობას და „სრულად უჭერს მხარს პრეზიდენტს იმ რთული მოვალეობების შესრულებაში, რომლებიც მას აკისრია“.
განცხადება მან ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ხელმძღვანელობისა და კანცლერ ფრიდრიხ მერცის შეხვედრისას გააკეთა.
ვადეფულის კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც დონალდ ტრამპმა შაბათს ზელენსკის თანამდებობიდან გადაყენების მოწოდებით მიმართა. ჟურნალისტების შეფასებით, ეს განცხადება ბერლინსა და ვაშინგტონს შორის უთანხმოების გაღრმავებაზე მიუთითებს.
გერმანიამ, რომელიც უკრაინის დახმარების მხრივ ევროპის უმსხვილესი დონორია, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შენარჩუნებას აპირებს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა რუსულ საწვავზე დაწესებული ამერიკული სანქციების დროებით გაუქმების შესახებ განაცხადა.
ვადეფული, რომელიც გასულ თვეში ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა, აცხადებს, რომ უკრაინის მხარდასაჭერად და მოსკოვის მოლაპარაკების მაგიდასთან დასაბრუნებლად აუცილებელია თანმიმდევრული და მკაფიო პოზიციის შენარჩუნება.
„ჩვენ პუტინზე არა ნაკლები, არამედ მეტი ზეწოლა გვჭირდება, რათა ის მოლაპარაკებებისთვის მზად იყოს... სწორედ ამას მოითხოვს არსებული ვითარება და სწორედ ამის მიღწევას ცდილობს მთავრობა“, - განაცხადა ვადეფულმა.