ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა დრონებისა და რაკეტების შესაძენად დამატებით დაფინანსებას მიიღებს.
ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მისი თქმით, ომი ახალ, უფრო მძიმე ფაზაში შევიდა.
"კარგი საუბარი მქონდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
სრულად დავუჭირეთ მხარი პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც დაიცავდა სურსათის გლობალურ მიწოდებას და უკრაინასა და რუსეთში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას.
ომი ახალ, უფრო მძიმე ფაზაში შევიდა. რუსეთი ბრძოლის ველზე წინსვლას ვერ ახერხებს და ფრონტის ხაზიდან შორს, მშვიდობიან მოსახლეობას უტევს.
უკრაინელ ხალხთან ჩვენი სოლიდარობა გამოვხატე. ასევე, სრულად დავუჭირე მხარი პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც თავისი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას ხელმძღვანელობს.
ამ კვირაში დაგეგმილ ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინა ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. განვიხილავთ, რა დაფინანსება დასჭირდება მას მომავალი წლისთვის და როგორ მოვახერხოთ ახალი, გლობალური მხარდაჭერის მობილიზება.
ამ კვირაში ევროკავშირი ასევე გამოყოფს დამატებით დაფინანსებას დრონებისა და რაკეტებისთვის, რათა გაძლიერდეს უკრაინის თავდაცვა და დაცული იყოს მისი საჰაერო სივრცე.
გარდა ამისა, მოლაპარაკებების ფარგლებში კიდევ ორ კლასტერს გავხსნით.
პროგრესი რეალურია", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას 3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გამოუყოფს.