აშშ-ის შვიდმა სენატორმა, როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიიდან, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომლითაც მან რუსული დიზელის საწვავის იმპორტი დაუშვა. მათი განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ვლადიმირ პუტინს ფინანსური მაშველი რგოლი არ უნდა გადაუგდოს. სენატორებმა შესაბამისი განცხადება გაავრცელეს.
განცხადებას ხელი მოაწერეს ორივე პარტიის წარმომადგენლებმა: ჯინ შაჰინმა, სიუზან კოლინზმა, რიჩარდ ბლუმენტალმა, ლიზა მურკოვსკიმ, რონ უაიდენმა, ტომ ტილისმა და ჯონ კერტისმა.
სენატორების თქმით, 2022 წელს კონგრესმა რუსული ენერგორესურსების იმპორტი მკაფიოდ აკრძალა, რათა ამერიკული დოლარებით პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დაფინანსება აღეკვეთა.
„2022 წელს კონგრესმა მკაფიოდ აკრძალა რუსული ენერგორესურსების იმპორტი, რათა ამერიკული დოლარებით პუტინის სასტიკი ომის დაფინანსება აღეკვეთა. კონგრესმა ცალსახად განაცხადა: აშშ-მა რუსეთიდან ნავთობი არ უნდა შეიტანოს, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას არ შეწყვეტს და ნატო-ელ მოკავშირეების მიმართ მუქარაზე უარს არ იტყვის.
პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება, დაუშვას რუსული დიზელის საწვავის იმპორტი შეერთებულ შტატებში, პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ კანონს. გარდა ამისა, ადმინისტრაციას კონგრესთან კონსულტაციები არ გაუვლია და თავისი გადაწყვეტილების გასამართლებლად არანაირი განმარტება არ წარუდგენია, როგორც ამას კანონმდებლობა მოითხოვს.
შეერთებულმა შტატებმა პუტინს ფინანსური მაშველი რგოლი არ უნდა გადაუგდოს, ვიდრე რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას განაგრძობს. ადმინისტრაციამ კურსი დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის არაერთმა რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის რუსული დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ მიღწეული შეთანხმება გააკრიტიკა.
კონგრესმენმა ბრაიან ფიცპატრიკმა ორპარტიული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც, მისი თქმით, ტრამპს სანქციების გაუქმების საშუალებას არ მისცემს. კანონპროექტს „რონალდ რეიგანის კანონი - მშვიდობა ძალის მეშვეობით“ ეწოდება.