უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას მომავალ კვირას კიდევ დაახლოებით 3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
ზელენსკის თქმით, მან ფონ დერ ლაიენთან ევროკავშირსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და უკრაინის მხარდაჭერისთვის საჭირო გადაწყვეტილებები განიხილა.
უკრაინის პრეზიდენტმა ევროკომისიის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა თავდაცვისთვის განკუთვნილი 1,24 მილიარდი ევროს ბოლო ტრანშისთვის, რომელიც უკრაინამ უკვე მიიღო.
„მადლიერი ვარ დადასტურებისთვის, რომ მომავალ კვირას კიდევ დაახლოებით 3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გამოიყოფა. ეს თანხები ჩვენს პოზიციებს გააძლიერებს“, - წერს ზელენსკი.
მან ასევე მიაწოდა ფონ დერ ლაიენს ინფორმაცია რუსეთის უწყვეტი თავდასხმების შესახებ.
ზელენსკის განცხადებით, ევროკომისიის პრეზიდენტთან საუბრამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთმა კიევში ელექტროსადგურს დრონით დაარტყა, რის შედეგადაც დედაქალაქის ბევრ რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. მოგვიანებით დარტყმები ხარკოვის ოლქის ენერგეტიკულ ობიექტებზეც განხორციელდა.
„ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგაც კი, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
„ურსულასთან შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდები დეტალურად განიხილავენ სამომავლო ერთობლივ ნაბიჯებსა და მოქმედებების კოორდინაციას. ასევე ვემზადებით მოლაპარაკებების კლასტერების გახსნისთვის, რათა წლის ბოლომდე ყველა დარჩენილი კლასტერი გაიხსნას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.