ცხინვალის რეგიონში, ერწოს დასახლებულ პუნქტთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის 1968 წელს დაბადებული ვლადიმერ კოზაევის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ცხედრის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ კოზაევი მოკლეს. ცხედრის აღმოჩენის ადგილიდან ორ კილომეტრში ნაპოვნია მისი პირადი ავტომობილი.
"ამ დროისათვის რესპუბლიკის სამართლადამცავი ორგანოები საგამოძიებო -ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებენ დამნაშავეთა დასაკავებლად",_ იუწყება კომიტეტი.
აღსანიშნავია, რომ სამხედრო სამსახურში კოზაევი 2005 წლიდან არის. იგი 2008 წლის აგვისტოს ომის აქტიური მონაწილეა. ჰყავს სამი შვილი.