დღეს, ჟენევაში რუსეთსა და აშშ-ს შორის სტარტეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების ახალი ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები განახლდა. მოლაპარაკებებში ამერიკულ მხარეს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე როუზ გოტემიულერი ხოლო, რუსულს საგარეო უწყების უსაფრთხოებისა და განიარაღების დეპარტამენტის დირექტორი ანატოლი ანტონოვი ხელმძღვანელობენ.
წინა ხელშეკრულებას ვადა გასუილ წლის დეკემბერში გაუვიდა. თუმცა მხარეები აღნიშნავენ, რომ ისინი ახლოს არიან ახალი ხელშეკრულების გაფორმებასთან.
ამის მიუხედავად იქნება თუ არა დღევანდელი მოლაპარაკებები ბოლო, ჯერჯერობით უცნობია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ანდრეი ნესტერენკოს განცხადებით, დღევანდელი მოლაპარაკებები არის სრულფორმატიანი რაუნდი, ხოლო როგორც რუსეთის პრეზიდენტმა 24 იანვარს განაცხადა, მხარეებს საკითხების 95 პროცენტი შეთანხმებული აქვთ.
20-21 იანვარს მოსკოვში ვაშინგტონის ოფიციალური წარმომადგენლების - შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარის ადმირალ მაიკლ მალენისა და უსაფრთხოების საკითხებში ბარაკ ობამას თანაშემწის ჯეიმს ჯონსის ვიზიტის შემდეგ აღინიშნა, რომ აშშ პროცესის მიმდინარეობით კმაყოფილია.
27 იანვარს დიმიტრი მედვედევმა და ბარაკ ობამამ აღნიშნულთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართეს, სადაც მხარეებმა ერთმანეთს პირობა მისცეს, რომ დაავალონ საკუთარ დელეგაციებს ხელმოსაწერი დოკუმენტის ტექნიკური დამუშავების დასრულებას.
წინა ხელშეკრულება აშშ-სა და სსრკ-ს შორის 1991 წელს გაფორმდა და ძალაში 1994 წელს შევიდა.