უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ მოსკოვი ზამთარში უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაზე თავდასხმებს განახორციელებს და ქვეყანაში ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვებს გამოიწვევს, უკრაინა საპასუხო ზომებს მიიღებს.
.„უკრაინამ ისწავლა, როგორ იპოვოს შესაძლებლობები, რათა რუსეთის დარტყმებს ღირსეული პასუხი გასცეს. მე ამას არ ვადარებ იმ ჰუმანიტარულ კატასტროფებს, რომლებსაც ისინი დღეს აწყობენ. უკრაინა ამას არ აკეთებს. თუმცა, უკრაინას შეუძლია, რუსეთის ნებისმიერ ოპერაციას უპასუხოს.
რუსეთმა იცის, რომ თუ დარტყმებს განახორციელებს და ისინი ზამთარში ჩვენი ენერგეტიკული სისტემის წინააღმდეგ დარტყმებისთვის ემზადებიან - იმავეს მიიღებს. თუ ისინი ჩვენ ელექტროენერგიის გათიშვებს მოგვიწყობენ, ჩვენ შევეცდებით, მათ ღირსეული პასუხი გავცეთ“, – განაცხადა მან.
ზელენსკის თქმით, არსებობს ალტერნატივაც, რომელსაც უკრაინა ყოველთვის უჭერდა მხარს.
„ეს მოლაპარაკებებია. მოლაპარაკების პროცესი ომის დასრულებას უნდა ემსახურებოდეს. და თუ რუსეთს ომის დასრულება არ სურს, მასთან მიდგომა უნდა გამოინახოს. თუ ეს რთულია, მაშინ დღეს, სულ მცირე, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიმოძრაოთ. უნდა განვბლოკოთ შავი ზღვა და ვიპოვოთ ენერგეტიკული ზავის შესაძლებლობა, რომლის პირობებშიც ორივე ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაცული იქნება“, – განმარტა ზელენსკიმ.
მისი თქმით, აუცილებელია გაგრძელდეს სამხედრო ტყვეების გაცვლის პროცესი და რუსეთის ფედერაციაში დატყვევებული და დაპატიმრებული უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტებისა და სხვა პირების, ასევე უკრაინელი ბავშვების დაბრუნება.